**************

,,მას წმინდანობის მოწამეობრივი გზიდან გადახვევა არ შეეძლო..."

2/19/2013

ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფია ბავშვებისათვის


         იცით, ბავშვებო, ვინ იყო ექვთიმე თაყაიშვილი? ის მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე იყო. მისი დამსახურებაა, რომ ქართველები ვამაყობთ ჩვენი კულტურით, ხელოვნებით, ისტორიით... სწორედ მან შემოგვინახა და გადაარჩინა ჩვენი წარსული. მისი ღვაწლი და ამაგი იმდენად დიდია საქართველოს წინაშე,რომ ვთვლი, აუცილებლად უნდა იცნობდეთ მის ცხოვრებას, ამიტომ შევეცდები, გაგაცნოთ ის:                                                                        
        
         ექვთიმე თაყაიშვილი დაიბადა 1863 წელს  გურიის სოფელ ლიახურში. მას ძალიან რთული ბავშვობა ჰქონდა, სულ ხუთი დღის დაბადებული იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა.     
     თურმე ბავშვობაში ძალიან ცელქი ყოფილა, ერთხელ ხეზე ასულა, ტოტზე ფეხი დასცდომია, ხიდან ჩამოვარდნილა და ფეხი ისე მოუტეხავს, რომ სიცოცხლის ბოლომდე ხეიბრად დარჩა.
        ამას მისთვის ხელი არ შეუშლია და თურმე ყოველთვის სწრაფად დადიოდა.
         პატარა ექვთიმეს თითქოს ეს არ ეყოფოდა, უფრო დიდი განსაცდელი მოუმზადა ბედმა და ერთ დილას გარდაცვლილი დედის გვერდით გაიღვიძა,.. მაშინ ის, სულ რაღაც, ხუთი წლის იყო. დაობლებული ბავშვი ბებიამ, უფროსმა დამ და მამიდამ აღზარდეს.                               
         ექვთიმე პატარაობიდანვე ძალიან გონიერი და ჭკვიანი ყოფილა. სასწავლებლად  იგი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიუბარებიათ. აქ ის იმდენად კარგად სწავლობდა, რომ ცოტა ხნის შემდეგ უმცროსკლასელებსაც კი ამეცადინებდა. მან წარმატებით დაამთავრა გიმნაზია, შემდეგ კი პეტერბურგის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა, სადაც ბევრი გამოჩენილი ქართველი სწავლობდა.
            სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ექვთიმე თაყაიშვილი მიიწვიეს რამდენიმე სასწავლებელში ძველი ბერძნული და ლათინური ენების მასწავლებლად. სამოღვაწეოდ   მან მხოლოდ მასწავლებლობა არ იკმარა და დიმიტრი ბაქრაძესთან ერთად მთელ საქართველოში დაიწყო ძველი ხელნაწერების შეგროვება, რადგან გული სტკიოდა, რომ საქართველოში თითქმის არ მიმდინარეობდა სამეცნიერო სამუშაოები ისტორიი შესასწავლად და არ ეწყობოდა სამეცნიერო ექსპედიციები. როცა ახალ ხენაწერებს აღმოაჩენდა, მის შესახებ გაზეთ „ივერიაში“ წერდა. „ივერიის“ ხელმძღვანელი ილია ჭავჭავაძე იყო, ის ექვთიმეს ბევრ რამეში ეხმარებოდა. სწორედ მან გააცნო ახალგაზრდა მეცნიერს ნინო პოლტორაცკაია, რომელიც სულ მალე მისი მეუღლე გახდა...
          ექვთიმე ყველანაირად ცდილობდა აღმოეჩინა ძვირფასი ნივთები, ხანდახან გლეხები ხვნა-თესვისას პოულობდნენ მათ, ექვთიმე კი მაშინვე იქ  გაჩნდებოდა და ყიდულობდა ამ ნივთებს, ხშირად ამას საზოგადოების შემოწირულობით აკეთებდა, რადგან მდიდარი არასოდეს ყოფილა.
          თურმე ხშირად ასეთ ეშმაკურ ხრიკს მიმართავდა –– თუ რომელიმე ნაცნობის სახლში რამე ძვირფასსა და ღირებულს აღმოაჩენდა, ცოტა ხნით მოთხოვდა პატრონს, ეტყოდა შევისწავლი და დაგიბრუნებო,  ცოტა ხანში კი ნივთის მფლობელი გაზეთში განცხადებას წააწყდებოდა: „ამა და ამ ადამიანმა თავისი ნივთი ეროვნულ საგანძურს გადასცაო“...––აბა, სხვა რა გზა ჰქონდა  პატრონს? უკან ხომ ვეღარ მოითხოვდა ამ ნივთს?                                      
           1918 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, რომელმაც, სამწუხაროდ, მხოლოდ 3 წელს გასტანა, ამ ხნის განმავლობაში ექვთიმეს ძალისხმევით გაიხსნა მუზეუმები, სადაც მის მიერ შეგროვებული ნივთები ინახებოდა.
          ცოტა ხანში ამ ყველაფერს საფრთხე დაემუქრა, რადგან საქართველოს მტრები ანადგურებდნენ ძვირფასეულობას, წიგნებსა და ძველ საბუთებს, ამიტომ ექვთიმემ დიდი შრომის ფასად მოახერხა ამ განძის ყუთებში ჩალაგება და ბათუმში ჩატანა, იქ კი ფრანგულ გემზე გადააწყვეს.  განძეული სულ 39 ყუთი იყო.              
           მეორე დილით ექვთიმე და ნინო თურქეთში უნდა გამგზავრებულიყვნენ, მაგრამ, აბა წარმოიდგინეთ, ბავშვებო, მათი მწუხარება, როდესაც ნავსადგურში მისულებს, გემი უკვე ზღვაში გასული დახვდათ!                                                                         
           საბედნიეროდ, უფალი დაეხმარა ნინოსა და ექვთიმეს და მეორე დღეს პატარა გემით მოახერხეს თურქეთში წასვლა. მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც საგანძურით სავსე ყუთები გემზე უვნებლად ნახეს. შემდეგ განძი სხვა გემზე გადატვირთეს და საფრანგეთისკენ გაცურეს.                                                  
           როცა ჩავიდნენ საფრანგეთში, ყუთები პარიზში,  ბანკის საცავში,  შეინახეს.  აქვე დასახლდნენ   ექვთიმე და მისი მეუღლეც.  ქართველმა მეცნიერმა ერთი თვის განმავლობაში პარიზის მუზეუმები და ბიბლიოთეკები შემოიარა და იქაც აღმოაჩინა რამდენიმე ქართული ხალნაწერი...
             პარიზში საცხოვრებლად ფული მხოლოდ ერთ წელიწადს ეყოთ.  შემდეგ საქართველოს მთვრობამ სოფელ ლევილში პატარა მამული შეიძინა და ექვთიმე და ნინოც იქ გადავიდნენ საცხოვრებლად. მათ ძალიან გაუჭირდათ, ექვთიმე სამეცნიერო ჟურნალებში აქვეყნებდა სტატიებს, მაგრამ ამაში ცოტა ფულს აძლევდნენ, ნინო კი ბავშვებს მუსიკის გაკვეთილებს უტარებდა. ასევე უკრავდა კინოთეატრში, იმ დროს კინოს ხმა არ ჰქონდა და უხმო ფილმის ყურება მოსაწყენი რომ არ ყოფილიყო, ეკრენის წინ პიანინო იდგა, რომელზეც ვინმე უკრავდა. აი, ასეთ კინოთეატრში უკრავდა ნინო.
         ...ექვთიმეს ერთ წუთში შეეძლო გამდიდრება. საკუთარი მონეტების კოლექციაც რომ გაეყიდა, მთელი სიცოცხლის მანძილზე არაფერი გაუჭირდებოდა, მაგრამ ეს ნივთები საკუთარი ბედნიერებისთვის არ ემეტებოდა, სურდა ისინიც ქართველებისათვის გადაეცა.                                   
          მსოფლიოს უმდიდრესი მუზეუმების დირექტორები სთხოვდნენ ექვთიმეს მათთვის მიეყიდა განძი, მაგრამ ყოველთვის უარს იღებდნენ მისგან.                                                                        
          ცოტა ხანში ქართველებს საფრანგეთში მცხოვრებმა სალომე დადიანმა უჩივლა, ის სამეგრელოს მთავრების შთამომავალი იყო. მან თქვა რომ განძეულში დადიანების კუთვნილი ნივთები არის და ისინი მე მეკუთვნისო. დიდი შრომისა და ნერვიულობის ფასად დაუჯდა ექვთიმეს ფრანგებისთვის იმის დაჯერება, რომ დადიანების განძეული უკვე დიდი ხანია საქართველოს სახელმწიფოს ეკუთვნოდა.                                                                                  
            ექვთიმემ სასამართლოში კი დაამტკიცა, რომ განძი მას ეკუთვნოდა, მაგრამ ახლა ახალი საფრთხე გამოჩნდა;  ფრანგული ბანკის მმართველებს გაახსენდათ, რომ განძის შენახვის ქირა 13 წელია არავის გადაუხდია...


          ისევ გამოჩნდნენ მუზეუმების დირექტორები და ექვთიმეს განძის მცირე ნაწილის სანაცვლოდ ბანკის ვალის მთლიანად დაფარვას ჰპირდებოდნენ, მაგრამ მათმა მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა, ექვთიმე კვლავ ყველას უარით ისტუმრებდა და ამბობდა, განძი საქართველოს ეკუთვნის და ადრე თუ გვიან მას აუცილებლად დავაბრუნებ ჩემს სამშობლოშიო.    
            ამ ყველაფერმა ჩაიარა, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა ჯერ კიდევ წინ იყო, აქამდე ქართველები განძის პატრონებად ითვლებოდნენ, მაგრამ ახლა საფრანგეთის მთავრობამ მიისაკუთრა ის და მისი ზედამხედველობა ვინმე პიერ ჟოდონს დაავალეს. მაგრამ ჯერ ყველაფერი ისევ წინ იყო, გერმანელებმა გაიგეს ქართული განძის ამბავი და გადაწყვიტეს განძის წართმევა. საბედნიეროდ, პიერ ჟოდონი კარგი კაცი აღმოჩნდა, ექვთიმეს უამბო ყველაფერი და დახმარებასაც დაჰპირდა.                                                                                                   
            მათ ცივი უარი უთხრეს გერმანელებს, არ ვიცით განძი სად არის, უკვე რამდენიმე თვეა ჩვენც ვეძებთო. გერმანელებმა იცოდნენ, რომ განძი რომელიღაც ბანკის სარდაფში ინახებოდა, ჩამოივლიდნენ ყველა ბანკს, გაჩხრეკდნენ და ძვირფასეულობასაც იპოვნიდნენ, მაგრამ ექვთიმე და პიერი საკმაოდ ჭკვიანები იყვნენ, ეტლი იშოვეს, მასში ყუთები ჩატვირთეს და ვერსალის ბიბლიოთეკის სარდაფში დამალეს. მათ საკუთარი სიცოცხლე სასწორზე შეაგდეს, რადგან გერმანელებს ეტლი რომ გაეჩერებინათ და განძი ენახათ, ორივეს დახვრეტდნენ. ღვთის წყალობით,  ყველაფერმა კარგად ჩაიარა.                                                                                                    ექვთიმე კი ისევ ლევილში ცხოვრობდა და ძალიან უჭირდა, ხშირად ლუკმაპურიც ენატრებოდა, მისი ერთადერთი საკვები თხის რძე იყო, იმ თხისა, რომელიც ძლივს შეკოწიწებული ფულით იყიდა.


            ...მალე  ექვთიმეს საქართველოში დაბრუნების დროც დადგა.  საქართველოში მყოფმა მეცნიერებმა ისე მოახერხეს, რომ ტვირთი თვითმფრინავით პირდაპირ თბილისში ჩამოფრინდა და არა რუსეთის დედაქალაქში. მაშინდელი თვითმფრინავები ჰაერში დიდხანს ვერ ძლებდნენ, ხშირად სჭირდებოდათ საწვავის შევსება, ამიტომ საშიში იყო მოსკოვში არ ჩაფრენილიყო საწვავის შესავსებად თვითმფრინავი;  რუსები განძს დაიტოვებდნენ და აღარ დაგვიბრუნებდნენ.         საქართველოში გამომგზავრების წინ, თავიდან, თითქოს,  ექვთიმე თაყაიშვილს არ უნდოდა სამშობლოში დაბრუნება.  ამბობდა, მთავარია განძი საქართველოში იქნება, მე სად მოვკვდები რა მნიშვნელობა აქვსო. ძალიან გაუკვირდათ ექვთიმეს ასეთი ქმედება, მაგრამ ბოლოს გაირკვა, რომ მას თავისი გაცვეთილი ტანსაცმლისა  რცხვენოდა, არ უნდოდა ასე დაბრუნებულიყო სამშობლოში.                                                                                                               
         მოხუც მეცნიერს სამშობლოშიც ისევე უჭირდა,  როგორც საფრანგეთში, მაგრამ მას ერთი ნაჭერი პურიც ჰყოფნიდა. ის ბედნიერი იყო, დარწმუნებული იმაში,  რომ ოდესმე საქართველოშიც იქნებოდა ბევრი მუზეუმი.                              
         დიდმა ქართველმა მწერალმა კონსტანტინე გამსახურდიამ  თქვა:  „მოვა დრო და ილია ჭავჭავაძეს, ექვთიმე თაყაიშვილსა და ივანე ჯავახიშვილს ქართული ეკლესია წმინდანებად შერაცხავსო“.
            ილია ჭავჭავაძე და ექვთიმე თაყაიშვილი მართლაც წმინდანებად შერაცხა ქართულმა ეკლესიამ...

მასალა მოამზადა  X კლასის მოსწავლე მარიამ მურადაშვილმა
გამოყენებული ლიტერატურა: ,,ექვთიმე თაყაიშვილი,
 დიდი ქართველები  (გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიები)
 ,,საბავშვო კარუსელის" ბიბლიოთეკა" . 
ნახატები  შეასრულა ამავე კლასის მოსწავლე
 გოგა გელიაშვილმა (ზემოთ აღნიშნული წიგნიდან).

2/18/2013

“საჭურჭლე”


(გ.ლომთათიძის მოგონებებიდან)

მ ო ქ ვ ი ს        ს ა ხ ა რ ე ბ ა
                     moqvis saxareba2

moqvis saxareba 4
          პროფესორი ელენე მაჭავარიანის თქმით, მოქვის ოთხთავი – 1300 წელს შესრულებული და ერთ-ერთი ყველაზე უხვად დასურათებული ძველი ქართული ხელნაწერი მოქველმა ეპისკოპოსმა დანიელმა მოქვის ეკლესიას შეწირა. უნიკალური სახარება 19-ე საუკუნის 80-იან წლებში გელათის მონასტრის წიგნსაცავში ინახებოდა, 1921 წელს კი საქართველოს ეროვნულ საგანძურთან ერთად საზღვარგარეთ გაიტანეს. საქართველოში მისი დაბრუნება მხოლოდ 1945 წელს მოხერხდა. სახარება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მოხვდა პარიზიდან ექვთიმე თაყაიშვილის მიერ დაბრუნებული საგანძურის კოლექციიდან.
         ისტორიის დოქტორი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი მოქვის სახარების შესახებ ამბობს: „სამწუხაროდ ისეთ მდგომარეობაშია, რომ მასთან მკვლევარის მიკარებაც კი არ შეიძლება და ფაქტობრივად ხელსაც კი ვერ ვახლებთ. ხდება ისეთ, რომ მიკრონაწილაკები ცვივა მინიატურას, მიმობნეულია ეტრატის სხვადასხვა ნაწილებზე და ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, მხატვრობა შესრულებულია ტყავზე, მაგრამ ფონად აქვს გამოყენებული ოქრო. დროთა  განმავლობაში საღებავებსა და ეტრატს შორის არსებული შემაკავშირებელი ნივთიერება ამოშრა, საღებავებმა შეიშრო ეს ოქრო. ამის გამო მინიატურების ნახატობა იშლება, იტკიცება და საჭიროებს დახმარებას“.  [ http://www.radiotavisupleba.ge/content/article/2133193.html ]
ვ ე ფ ხ ი ს ტ ყ ა ო ს ა ნ ი
უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ექვთიმე თაყაიშვილის მიერ აღმოჩენილ „ვეფხისტყაოსნის“ ძველ ხელნაწერებს. მან თავი მოუყარა 17 ხელნაწერს, რომელთა შორის ზოგი მეტად საყურადღებო იყო, როგორც ვარიანტებით, ისე მხატვრობით; საერთოდ კი 24 ხელნაწერის შესახებ მოკრიბა ცნობები.  ექვთიმე თაყაიშვილის დიდი დამსახურებაა გადარჩენა პელაგია წერეთლისეული „ვეფხისტყაოსნისა“, რომელიც სიუჟეტური მინიატურებით იყო დასურათებული.
თინათინის გამეფების სცენა, მინიატურა წერეთლისეული ვეფხისტყაოსანის ხელნაწერი წიგნიდან
თინათინის გამეფების სცენა,
მინიატურა წერეთლისეული
ვეფხისტყაოსნის ხელნაწერი
წიგნიდან
ნესტან დარეჯნის ქაჯეთში გაგზავნის სცენა, მინიატურა წერეთლისეული ვეფხისტყაოსანის ხელნაწერი წიგნიდან
ნესტან–დარეჯანის ქაჯეთში
გაგზავნის სცენა, მინიატურა
წერეთლისეული
,,ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერი
წიგნიდან
მინიატურა წერეთლისეული ვეფხისტყაოსანის ხელნაწერი წიგნიდან
მინიატურა
წერეთლისეული
,,ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერი
წიგნიდან
ა ნ ჩ ი ს     ს ა ხ ა რ ე ბ ა
 


 1895, როცა ეს სახარება ე. თაყაიშვილმა პირველად ნახა წალკის რაიონის სოფ. წინწყაროში, მას მხოლოდ ხის ყდა ჰქონდა. ბექა ოპიზარს შეუსრულებია აგრეთვე ანჩის სახარების ყდის მოჭედილობაც.  ხელნაწერის ბოლოს დართულ ანდერძში ნათქვამია, რომ სოფრომ მწიგნობარმა წიგნის ყდა მოაჭედინა “… ღმრთისა მიერ კურთხეულსა ღირსსა ოქროჲსმქანდაკებელსა ბექასა”.  (XII ს.)
ანჩის სახარება XII-XIII ს.
მინიატურები და ყდა შესრულებულია
ბექა ოპიზარის მიერ

ჯრუჭის  I  სახარება (Xს.)
მეათე საუკუნის ოთხთავი უძველესი ქართული მოხატული ხელნაწერია ჯრუჭის მონასტერში დაცული კოდექსი თბილისში ექვთიმე თაყაიშვილმა 1919 წელს ჩამოიტანა.
ჯრუჭის ოთხტავი                          jruchis_saxareba_28X_s_29~0
ჯრუჭი                     jruchis_I_saxareba_28Xs_29_2~0
jruchis_I_saxareba_28Xs_29~0
      შატბერდის მონასტერში ოთხთავი 936 წელს, გრიგოლ მირდატის ძის დაკვეთით გადაუნუსხავთ, “დაიწერა წმიდა ესე სახარება შატბერდს, ელითა უცბად მჩხრეკალისა გაბრიელისითა.” იმ დროის გემოვნებისა და მოთხოვნის შესაბამისად სადა, მოურთავი ტექსტის სილამაზეს მხოლოდ მონოქრომული ასომთავრული განსაზღვრავს. გადაწერიდან ოთხი წლის შემდეგ, 940 წელს, ხელნაწერი მინიატურებით მოუხატავთ. მხატვარ თევდორეს, რომელიც თავს “კამარათა მწერალს” უწოდებს სახელი დაფარულად, სარკისებრ წაუწერია საწყის გვერდზე. ჯრუჭის ოთხთავი ტაო-კლარჯეთის მხატვრული სკოლის ნიმუშია. როგორც ჩანს, ამ მხარეში ადრეული პერიოდიდან არსებობდა ხელნაწერი წიგნისა და მათ შორის, ოთხთავის, მხატვრული გაფორმების ტრადიციაც.

მასზე წერდნენ…



(გ. ლომთათიძის მოგონებებიდან)

კონსტანტინე გამსახურდია წერდა:  ,,სამმა დიდმა მამულიშვილმა კიდევ ერთხელ დაამშვენა ჩვენი საქართველო. ილია ჭავჭავაძემ, ექვთიმე თაყაიშვილმა და ივანე ჯავახიშვილმა. მათ ძველ ეპოქაში რომ ეცხოვრათ, მათ უეჭველად წმინდანად შერაცხავდა ჩვენი ხალხი და ჩვენი ტაძრების ძვირფას ფრესკებს მიემატებოდა სამი სათაყვანებელი ხატება”.
     „მას საოცარი მეცნიერული წვდომა ჰქონდა, ძველი წარწერების წაკითხვის საოცარი უნარი. უმრავლესობას იქვე გადმოღებისთანავე კითხულობდა, ზოგს, უფრო რთულს, სადგომში მისვლისას.  ჩვენ, ახალგაზრდები, ვისვენებდით, იგი  კი უჯდა  საქმეს,  ფოტოებს, კალკებს, ნახატებს და არც დარჩენია რამ ამოუკიხავი,”-- წერდა ლადო გუდიაშვილი.
    „ექვთიმე თაყაიშვილი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე უანგროდ ემსახურებოდა ეროვნულ საქმეს… არც დაღლა იცოდა, არც დასვენება… ამნაირ ადამიანებს ძველად ხატავდნენ ტაძრის კედლებზე “ – ლადო გუდიაშვილი
პროფესორი მიხაკო წერეთელი კი ასე იხსენებს: „ექვთიმე სპეციალობით არც არქეოლოგი იყო, არც ხელოვნებათა მეცნიერი, არც ისტორიკოსი, არც ქართული ფილოლოგიის სწავლული. მაგრამ იგი იმავე დროს ერთიც იყო, მეორეც, მესამეც და მეოთხეც. სიდიადე მისი სულისა სწორედ აქ არის, — მან თავისი ერის სამსახურისთვის ეს მეცნიერებანი თვით შეისწავლა. იგი იყო „მოხალისე“, „მოყვარული“, მაგრამ ნამდვილი ბატონი საქართველოს წარსულის კვლევის ფართო ნიადაგზედ… იგი იყო განმგრძობი დიმიტრი ბაქრაძის, თავისი უფროსი თანამედროვის, თ. ჟორდანიას და სხვათა ღვაწლისა.“

მას წმინდანობის...


,,მას წმინდანობის მოწამეობრივი გზიდან გადახვევა არ შეუძლია...“
     
      საქარველოს 1921 წლის დროინდელმა ლტოლვილმა მთავრობამ გადაწყვიტა უცხოეთში გახიზნულიყო და სახემწიფო ხაზინასთან ერთად თან წაეღო  სამუზეუმო ეროვნული განძიც.
      განძის მეთვალყურედ დაინიშნა ექვთიმე თაყაიშვილი, სახელმწიფო ხაზინის გამყოლად ––კი ყოფილი ფინანსთა მინისტრი იოსებ ელიგულაშვილი.
      თბილისიდან ჯერ ქუთაისში, შემდეგ ბათუმში, რის ვაივაგლახით, ამოტანილი  განძი საფრანგეთის კრეისერ „ერნესტ რენანზე“ დააბინავეს, მაგრამ კაპიტანმა   პირობა დაარღვია და  დანიშნულ დროზე ადრე ასწია ღუზა, განძის გამცილებლებს არ დაელოდა და კონსტანტინოპოლისაკენ გასწია.
       ნავსადგურში მისულმა ექვთიმე თაყაიშვილმა თვალი ძლივს მოჰკრა უკვე შუა ზღვაში გასულ გემს. კატერით გამოეკიდნენ კრეისერს, მაგრამ უშედეგოდ, ისევ ნავსადგურში დაბრუნდნენ და მოგვიანებით გაემგზავრნენ იუგოსლავიური პატარა გემით, კრეისერის კვალდაკვალ.
       მატარებლებითა და გემებით თვე–ნახევრის ნახეტიალებმა საუნჯემ ბოლოს მარსელის ნავსადგურს მიაღწია. განძი გემიდან ბანკში გადაზიდეს. თავად ექვთიმე კი მეუღლითურთ პარიზს გაემართა. პირველი 13 წელი მშვიდობიანი იყო, თუმცა ამ პერიოდში ბევრი საფრთხე და ცდუნებაც გაჩნდა განძთან დაკავშირებით; არაერთმა მუზეუმმა ითხოვა ქართული საუნჯის გამოფენა, მაგრამ ქართული მხარე მუდამ ურყოფითი პასუხით ისტუმრებდა მათ. ახალგორის განძი, ჩვენს  წელთაღრიცხვამდე შექმნილი საოცრება, ჩვენი საუნჯის მშვენებად ითვლება დღესაც. ეს განძი ჯერ კიდევ საქართველოში ექვთიმე თაყაიშვილმა გადაარჩინა. ის შემთხვევით აღმოაჩინეს  ქსნის ხეობაში გლეხებმა, ერთმანეთში დაინაწილეს, და ზოგი რამ გაყიდეს სხვადასხვა მხარეში. პირადად ექვთიმეს დაუღალავი ძიების შედეგად მოხერხდა ამ განძის ხელახლა მიკვლევა, შეგროვება, გამოსყიდვა და კავკასიის მუზეუმისათვის გადაცემა...  
      ...ლაღობს პარიზი, ცდუნებებით სავსე ქალაქი. ამ უსასრულო დღესასწაულის შემხედვარე კი სიდუხჭირეში ცხოვრობს ლტოლვილი კაცი, რომელსაც ერთ დღეში შეუძლია გახდეს უმდიდრესი ადამიანი. საკმარისია, სულ რამდენიმე ისტორიულ მონეტას შეელიოს, ერთბაშად გახდება დიდი თანხის მფლობელი, დაიწყება უზრუნველი ყოფა და მისი ნინოც ღირსეულად ეზიარება   გაფაქიზებულ ცხოვრებას. ვინ გაამტყუნებს? მაგრამ მას წმინდანობის მოწამეობრივი გზიდან გადახვევა არ შეუძლია . მას ურჩევნია დილდილობით ისევ აძოვებდეს თავის მარჩნალ ფრანგულ თხას, რომლის რძე მისთვის და ნინოსთვის არაერთხელ ყოფილა ერთადერთი საკვები მთელი დღის განმავლობაში...
         1932 წელი...
     „ჩემო ძვირფასო, რაღა მოგწერო, გონებით მინდა დავმშვიდდე, მაგრამ გული არ მემორჩილება, ნინო აღარ მყავს“,––სწერდა ექვთიმე თაყაიშვილი პარიზიდან მეგობარს...
   1933 წელი. ქართული დელეგაცია გაუქმდა. საქართველოს ყოფილი მთავრობა არარსებულად გამოცხადდა.
        1934 წლის მარტი. ქართულ საუნჯეს იმ დღეს დაემუქრა უდიდესი საფრთხე:
   ყოფილი მოჭადრაკის, ანდრია დადიანის ძმას,  „მინგრელსკით“ წოდებულ სამეგრელოს მთავარს ნიკო დადიანს ვაჟის გარდა ასულიც დარჩა, სალომე დადიანი ორბელიანსკაიასა. სალომე დადიანმა სარჩელი შეიტანა სეის დეპარტამენტის სასამართლოში; ის მოითხოვდა საფრანგეთში გატანილი ქართული საუნჯის იმ ნაწილს, რომელიც ერთ დროს მისი საგვარეულო განძი იყო. ორბელიანსკაიას მიერ ამ პროცესის მოგება ნიშნავდა საქართველოს ეროვნული განძის მნიშვნელოვანი ნაწილის საბოლოოდ დაკარგვას, თუმცა ქართველთა სასიხარულოდ სასამართლომ იურიდიულ საბუთად ცნო ოცი წლის დეკრეტი და სალომე დადიანს უარი უთხრა. სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა;  ამ საჩივარმა ფრანგებს გაახსენა მარსელში მიბარებული განძი, რომლის შენახვის თანხა გადაუხდელი აღმოჩნდა და სასამართლომ ქართულ განძეულს ყადაღა დაადო... საუნჯით დატვირთული ყუთები მარსელიდან პარიზში საფრანგეთის ბანკს ჩაბარდა .... რადგან ეს განძი ბანკში საქართველოს იმ მთავრობის სახელზე იყო შეტანილი, რომელიც არარსებულად გამოცხადდა. ქართული საუნჯე რუსეთის ყოფილი იმპერიის საკუთრებად  მიიჩნიეს და მისი განმგებლობა დაეკისრა ფრანგ მოხელეს პიერ ჟოდონს, რომელსაც უკვე ებარა რუსეთის ე. წ.  „უპატრონო ქონება“...
      დაიწყო განძისთვის ბრძოლის ახალი და ურთულესი ჟამი. საჭირო იყო, რომ ექვთიმეს ქონებოდა რაიმე სახის რწმუნება, თუნდაც ფორმალური. 1935 წლის აპრილში მისი თხოვნით საქართველოს ყოფილმა მთავრობამ მიიღო დადგენილება: „ბატონ ექვთიმე თაყაიშვილს უფლება აქვს მიიღოს ის ზომები, რომელსაც საჭიროდ დაინახავს ამ ქონების დასაცავად, ხოლო მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე თვითონ იქნება სრული პასუხისმგებელი აღნიშნული ქონების მეპატრონეთა და საქართველოს წინაშე“.
          დაიწყო ექვთიმეს კარდაკარ სიარული თხოვნებითა და განცხადებებით. წერილებს გზავნის საქართველოში, ითხოვს საქართველოს ჩარევას და შუამდგომლობას. საქართველოდანაც ყველა ღონეს ხმარობენ დახმარებისათვის, მაგრამ განძის გადარჩენას პირი არ უჩანს.
     ამ დროს ჰიტლერიზმი უკვე მზდდებოდა ევროპაში და მალე კიდეც დაიძრა ცეცხლით და მახვილით. საფრანგეთის რესპუბლიკა იძულებულია, ომი გამოუცხადოს გერმანიას. იტალია ომს უცხადებს საფრანგეთს, პარიზი              დღე-დღეზე ელის გერმანელთა შემოჭრას. დარღვეულია ყოველგვარი სულიერი წონასწორობა და ამ ამღვრეულ დღეებში ერთი ლტოლვილი ხეიბარი მოხუცი ნირშეუხრელად განაგრძობს თავის მოწამეობრივ ცხოვრებას; ეძიებს და პოულობს ქართულ ისტორიულ ნივთებს; თავად მშიერ-მწყურვალი, რის ვაივაგლახით ახერხებს მათ შეძენას ანტიკვარებისაგან, ემიგრანტი თაბნამემამულეებისაგან და ამდიდრებს ეროვნულ საუნჯეს, რომლის სამშობლოში  დაბრუნების იმედი   დღითიდღე ილევა და იწურება.
       ...ჰიტლერელები მოითხოვენ ქართულ განძს, გერმანიაში გადასატანად. ჟოდონი არწმუნებს მათ, რომ მან არ იცის განძის ადგილსამყოფელი. გერმანელები დახვრეტით ემუქრებიან ჟოდონს. ქართველებთან უკვე დამეგობრებული შესანიშნავი ფრანგი მოქალაქე პიერ ჟოდონის სახელით საიდუმლოდ  უკავშირდება  ექვთიმე თაყაიშვილს და ატყობინებს საუნჯეზე თავსდატეხილ ახალ საშიშროებას. პროფესორი ზურაბ ავალიშვილიც თავგამოდებით არწმუნებს გერმანელებს, რომ ის ნივთები მხოლოდ საქართველოსთვის შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი და, რომ ისინი სხვათათვის არავითარ ფასეულობას არ წარმოადგენენ.  და ბოლოს, ჟოდონმა და ქართველებმა დიდად სარისკო გადაწყვეტილება მიიღეს:  ოკუპირებულ პარიზში ბანკიდან ჩუმად გამოიტანონ ქართული საუნჯე და საბარგო ეტლით წაიღონ ვერსალში.
       საკმარისი იყო გზად გერმანელი პატრულები დაინტერესებულიყვნენ საბარგო ეტლის ტვირთით, საქართველოს სამუდამოდ დაეკარგებოდა თავისი საუნჯე  და ჟოდონსაც დახვრეტა არ ასცდებოდა...  ვერსალის ნაციონალური ბიბლიოთეკის სარდაფში ჩაზიდეს ყუთები და ქვაღორღიანი ნაგავი მიაყარეს....
       გერმანელები განაგრძობდნენ ქართული განძის ძებნას, მაგრამ არც ერთ ქართველს არ გაუცია საიდუმლო...
      1944 წლის 19 აგვისტო...
   პარიზში იფეთქა აჯანყებამ. ამ აჯანყებაში არაერთი ქართველი იღებდა მონაწილეობას...
      ...საფანგეთსა და საბჭოთა კავშირს შორის აღდგა დიპლომატიური ურთიერთობა, პარიზში კი – საბჭოთა საელჩო.  შარლ დე გოლმა 1944 წლის 23 ნოემბერს განკარგულება გასცა  ქართული განძეულის საქართველოში დაბრუნების შესახებ... მალე, ექვთიმესთან ერთად, განძი  ჩაიბარეს  თბილისიდან მივლინებულმა პეტრე შარიამ, შალვა ამირანაშვილმა, და პარიზის აეროდრომიდან აფრინდა ქართული საუნჯით დატვირთული თვითმფრინავი. განძს მცველებად გაჰყვენ ყოფილი ტყვეები––თეიმურაზ შავდია და ნიკოლოზ მელაძე...
       აღსრულდა!..
       ...უკან დარჩა შვიდდღიანი გზა –– შორი და მოვლითი: რომი, ბენღაზი, ქაირო და თეირანი. თვითმფრინავი მალე თბილისის აეროდრომზე დაეშვება. პარიზში, გამოფრენის წინ, ყველას ისეთი შდაბეჭდილება შეექმნა, რომ ექვთიმე სამშობლოში დაბრუნებას აღარ აპირებდა... იფიქრეს, იქნებ ნინოს საფლავის მიტოვება ეძნელება, ანდა ის, რომ ღრმად მოხუცებულს პირველად უხდებოდა თვითმფრინავით მგზავრობა?..
      ბოლოს ექვთიმე გაუბედავად გამოტყდა: –– „წარსდგა მშიერი და ვერა ტიტველიო“,–– და მაშინღა მიხვდნენ, რომ ძველისძველ სამოსშემოფლეთილ მეცნიერს ეთაკილებოდა საქართველოში ასე გლახაკივით ჩამოსვლა...
       ...გერმანელებისგან გაძარცვულ პარიზში შესაფერი სამოსი ვერ უშოვეს და მხოლოდ გზად,  ქაიროში,  შეუკერეს ტანსაცმელი...

მასალა მოამზადა X კლასის მოსწავლე 
 სალომე დიაკონიძემ 
(გამოყენებული ლიტერატურა: IX კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელო; რეზო თაბუკაშვილი ,,საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“)

2/16/2013

არქეოლოგიური მოგზაურობა სამხრეთ საქართველოში





ოშკი
          ორჯერ იმოგზაურა ექვთიმე თაყაიშვილმა ტაოში.         1902 წელს არტაანიდან მოყოლებული კოლამდე. აღწერა ბანა ახლომდებარე ეკლესიებით და ჩანგლთან შეჩერდა. მეორედ 1907 წელს შეწყვეტილი გზა გააგრძელა, კოლა-ოლთისის მიდამოები შემოიარა. 1917 წელს მესამედ გაემგზავრა თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ძეგლების მოსანახულებლად. ექსპედიციაში  მონაწილეობდნენ:   ლადო გუდიაშვილი, მიხეილ ჭიაურელი, ე. ერმაკოვი, (ფოტოგრაფი), გიორგი შევარდნაძე,  ანატოლი კალგინი,  ანატოლი ზანდევიჩი,  რომელიც შემდგომ ახალ დაარსებულ თბილისის სახელმწიფო მუზეუმში მოღვაწეობდა.
        1917 წლის არქელოგიური ექსპედიციის შესახებ ექვთიმე თაყაიშვილი წერს:
       ,,ხელ-ფეხს მიკოცნიდა  კოლა–ოლთისისა და ჩინგლის ქართველობა, მშვიდად ბრძანდებოდეთ, მამა-პაპათა  ნაამაგარს არავის 

პარხალი
დავანგრევინებთ და დავიცავთო, ბევრ მათგანს ქართული ენა დავიწყებოდა, მაგრამ შეგნება,  რომ ისინი ქართველები არიან,  თითქოს ყველას ჰქონდა“. 

         მოგზაურობას თვალი გადავავლოთ ლადო გუდიაშვილის მოგონებებით, რომელიც საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესზე  წერდა: „ექვთიმე თაყაიშვილი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე უანგროდ ემსახურებოდა ეროვნულ საქმეს… არც დაღლა იცოდა , არც დასვენება … ამნაირ ადამიანებს ძველად ხატავდნენ ტაძრის კედლებზე “.
        ექსპედიციის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში,   რომ, რომ არა მეცნიერის ასეთი თავგამოდება,  დღეს ისტორიას არ ექნებოდა ზუსტი დათარიღება, ყოველმხრივი აღწერილობა, დეტალური მასალა ისეთი ქართული ძეგლებისა, როგორებიც არის ოშკი, იშხანი, ხახული, ბანა...  ექსპედიციამ ზუსტად გარკვია და  დაადგინა  ტაძრების, ეკლესიების,  ციხეების სახელწოდებები და ადგილ –მდებარეობა, რაც ამ მოგზაურობამდე უცნობი და შეუმოწმებელი იყო მეცნიერული ლიტერატურისათვის.
პარხალი
       ექვთიმეს თაოსნობით  შეისწავლეს ყველა წარწერა, ქრონიკონი –– თარიღის აღმნიშვნელი ასოები,  „მას საოცარი მეცნიერული წვდომა ჰქონდა, ძველი წარწერების წაკითხვის საოცარი უნარი. უმრავლესობას იქვე გადმოღებისთანავე კიხულობდა, ზოგს, უფრო რთულს, სადგომში მისვლისას,  ჩვენ, ახალგაზრდები, ვისვენებდით, იგი  კი უჯდა  საქმეს,  ფოტოებს, კალკებს, ნახატებს და არც დარჩენია რამ ამოუკიხავი.

    თუ რამე ახალს, ,,მნიშვნელოვანს ამოიკითხავდა, ახალგაზრდულად წამოხტებოდა, ქაღალდს დროშასავით ააფრიალებდა და  აღფრთოვანებით  შესძახებდა: –– აღმოჩენა!..   ახალი აღმოჩენა!
დიდ მეცნიერს  ხელოვნებაში განსაკუთრებით ჩარჩენია  მეხსიერებაში ხახულში ნანახი ქვაში ტვიფრული სიმბოლო –– ქართული ფასკუნჯი, მუდმივი  აღორძინების იდეა!
„ეს კლასიკური ნიმუში ნოტრდამის ქიმერების შემოქმედებასაც შეეხამება"!–– წერდა ლადო გუდიაშვილი.
      უმშვენიერესი ბუნების გარემოცვაში დგანან ეს ბუმბერაზი ძეგლები  თითქოს უპატრონო, თითქოს ძილსაც მისცემიან... მაგრამ მაინც ალერსსა და სითბოს ითხოვენ ჩვენგან. ელიან მფარველსა და მცველს. ექვთიმეს  ექსპედიციამ დროულად შეაღო  ამ ტაძრის საუკუნეთა  მანძილზე დახშული კარები... 
პარხალი

2/15/2013

ექვთიმე თაყაიშვილის ხელნაწერი


,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკში ინახება საქართველოს საისტორიო საეთნოგრაფიო საზოგადოების ფონდი, რომელიც 20 000-მდე ისტორიულ - მხატვრული და სამეცნიერო ღირებულების საბიბლიოთეკო დოკუმენტს აერთიანებს.  
  საქართველოს საისტორიო - საეთნოგრაფიო საზოგადოება, ექვთიმე თაყაიშვილის ინიციატივით, 1907 წელს დაარსდა. საზოგადოებას უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული კულტურისა და მეცნიერების განვითარების საქმეში. მისი ძალისხმევით განადგურებას გადაურჩა ქართული კულტურის  არაერთი თვალსაჩინო ძეგლი,"––ეს ინფორმაცია და ექვთიმეს ხელნაწერები  თსუ–ს გვერდზე (tsu.edu.ge) აღმოვაჩინე.  მართალია, ისინი (ხელნაწერები) მხოლოდ საბიბლიოთეკო დავთრებია, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ექვთიმე თაყაიშვილის ხელნაწერის ხილვა მაინც საინტერესო და სასურველი იქნება თითოეული ქართველისათვის.