ბატონი ექვთიმე
პ ო რ ტ რ ე ტ ი ს ა თ ვ ი ს
გულახდილ საუბართა ჩანაწერები
(წიგნიდან დიდი ქართველები ––
გიორგი ლომთათიძე ,,ექვთიმე
თაყაიშვილი“)
1948–1952
(გ.
ლომთათიძის მიერ ჩაწერილი ექვთიმეს ნაამბობიდან მცირე
ამონარიდები)
,,...აქედან დიდის ვაი–ვაგლახით
გადანარჩუნებული ბიბლიოთეკა წავიღე პარიზში, დიდი მთავრის, შესანიშნავი წიგნები და
ალბომები იყო. განსაკუთრებით ნაპოლეონის ხანა იყო ისე შესანიშნავად წარმოდგენილი,
რომ ყოველ უნივერსიტეტს შეეხარბებოდა. რომ გაგვეყიდა, ნახევარ მილიონს ავიღებდი
ულაპარაკოდ. ჰოდა, რომ მოვწერე აქ,
დეპუტაცია გამოგზავნეთ ნივთებისა და წიგნების თაობაზე–მეთქი, დეპუტაცია კი
არა და ერთი ვიღაც უვიცი გამოგზავნეს, გვარი აღარ მახსენდება. გამოვატანე ის
წიგნები უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისათვის, წამოიღო და არაფერი მიმიღია; არც მიღების
დადასტურება, არც მადლობა, არაფერი, ისევ ჩემმა ძმამ მომწერა, რომ მიიღეს წიგნებიო...
კიდევ კარგი, რომ ის ნივთები იმ დროს წამოვიღე, როცა აქ რიგიანი ხალხი დგას
სათავეში და თითქოს საიმედოდაა შენახული მუზეუმში. ა?“
v
,,––ჰოდა, იმას გეუბნებოდი, ამ ცისკარიშვილს ვანის ქვაბებში ბევრი დიდად
საინტერესო წარწერა უნახავს, გადმოუღია და კარგადაც ერკვევა, ჩანს, ლიტერატურასაც
იცნობს. სერიოზული კაცი ჩანს!.. ეტყობა, სალოცავად მისულები წერდნენ
კედლებზე, ხშირად უწიგნურად, მდაბიო
ხალხის ნაწერია, ა? ჰოდა, გესმის, ზოგს ცხოველებიც კი დაუხატავს კედლებზე –– ლომი,
ირემი და სხვა. მაგრამ ყველაზე უფრო საინტერესო ისაა, რომ ერთს
,,ვეფხისტყაოსნიდან“ მთელი ორი სტროფი დაუწერია კედელზე. ის რომაა! ,,ციხეს ვზი
ეზომ მაღალსა...“ დარეჯანის წერილი (შეუფერხებლად ამბობს სტროფს) და ეს ხდება XV
საუკუნეში, წერს უბრალო მლოცველი და არა რომელიმე არისტოკრატი!.. ა, ბატონო, მეთხუთმეტე
საუკუნის ნუსხა ,,ვეფხისტყაოსნისა“. აქამდე ხომ უძველესი მეჩვიდმეტე საუკუნის
გვქონდა?“
v
,,––ჩვენ მაშინ ავირჩიეთ პანთეონად
დიდუბე... სარაჯიშვილი რომ გადიცვალა, დავითი, ის, რასაკვირველია, იქ დავმარხეთ
დიდი ამბით. მერე ნიკო ღოღობერიძე რომ გადიცვალა, მე ვიყავი მისი ნების
აღმასრულებელი, შევუძინე ადგილი და სარაჯიშვილის გვერდით დავმარხე. უკეთესს აბა
ვის დავუმარხავდით გვერდით?! მერე იაკობ გოგებაშვილის ნების ამსრულებლად ვიყავი და ისიც იქ დავმარხეთ,..
ჰოდა ახლა კი გადაუსვენებიათ მთაწმინდაზე!..“
v
,,
–– ,,ტაო–თორთუმ–ისპირს“ მაჭახელას
ხეობა ერქვა. სხვათა შორის, ეს ხეობა სრულებით არაა შესწავლილი, იმიტომ, რომ ვერ
შედიოდა შიგ ხალხი, სულ ფირალებით იყო სავსე. ჩემს ბავშვობაში გურიაში სულ
მაჭახელის თოფები იყო, მერე შემოვიდა სხვა...
საზოგადოდ გურია ძალიან დამოკიდებულია მაგ ტაო–კლარჯეთზე. ხონური (ხორუმი)
რომ იყო, ცეკვა, ის იქაური ხონიდან – აჭარის წყალთანაა, იქით, სიმღერა გურიაში სულ
ქობულეთიდან მოდიოდა. ალი–ფაშა და ის (ხასანბეგურა?).“
v
,,–– საიდან გაჩნდა მოსაზრება, რომ გრემში იყო აკადემია? მას შემდეგ, რაც
მე გავარკვიე, რომა გელათში აკადემია ყოფილა, იფიქრეს, რომ
არსენ იყალთოელსაც გრემში აკადემია დაუარსებია და იმას კი ვერ მიხვდნენ,
რომ ,,იყალთოელი“ კი ერქვა იმ კაცს
სახელად, ისე როგორც ,,რუსთაველი“, მაგრამ მას იყალთოში სულ არ უმუშავია, გელათში
იმყოფებოდა და იქ შრომობდა; ხელახლა თარგმნა მთელი დაბადება. კომენტარებიც დაურთო
( ,,გრემის“ ადგილას სავარაუდოდ ,,იყალთო“ უნდა ეთქვა“–გ.ლ.)...“
v
,,
დიდი კაცი იყო ილია, ძალიან ფრთხილი, არაფერს ისე არ იზამდა, თუ კომისიას არ
შეყრიდა და წინასწარ არ გააცნობდა დაწერილს. მეც მიმიწვია იმ (,,ქვათა ღაღადის“
გამო შეყრილ) კომისიაში... ჰოდა, წაგვიკითხა. მე შევნიშნე, რომ ფაქტობრივი მხარე
იყო სულ მთლად დამახინჯებული. ყველამ მოუწონა, მაგრამ მე ვკითხე: კნიაზ ილია,
წაიკითხეთ ეგ სტატია თქვენა–მეთქი? ( პატკანოვის ის წერილი, რომელსაც ილია
ამათრახებდა––გ.ლ.) არაო, – მითხრა,– მაგრამ მე კარგად ვიცნობ მაგის აზრს,
ბაქრაძის სტატიითო! მე ვუთხარი: ეგრე არ შეიძლება, მე მაქვს ეგ სტატია და
მოგიტან–მეთქი. ძალიან კარგიო, მითხრა, მაგრამ ეწყინა კი ძალიან. მოვუტანე და
გაასწორა, მაგრამ, მეო ქართველებისთვის ვწერ და არა მეცნიერებისთვისო, მითხრა
მაინც. ,,ქვათა ღაღადის“ რუსული თარგმანი გააკეთა ალექსი–მესხიევმა (ნიკოლოზმა) და
ილიამ შეასწორა. შესანიშნავი თარგმანია, რუსულად დაწერილს ჰგავდა...“
v
,,–– მენშევიკები არც კითხულობდნენ მუზეუმებს, არც აინტერესებდათ.
საერთოდ, ძალაუფლება რომ ჩაიგდეს ხელში, მიანებეს თავი ამისტანებს, სულ
პოლიტიკაზე ჰქონდათ მიპყრობილი ყურადღება –– და სხვა არაფერი ახსოვდათ. წავედი, ––
რა ვქნათ, მოგვეცით რამე, რომ ამ მუზეუმს რამე ვუყოთ–მეთქი; ჟორდანიამ თქვა, ––
განძეულობა ყველაფერი წავიღოთ ქუთაისში, გადავინაცვლოთ და ჩვენ უკანასკნელად
წავალთ, რითაც მოხერხდება იმითო. ერთ საღამოს გამომიცხადა, ხვალ 9 საათზე , რაც
გვაქვს ხაზინაში, ქუთაისს ვაგზავნით,.. მერე აღარ იქნება საშუალება წაღებისო...
საზღვარგარეთზე სიტყვაც არ ყოფილა!.. იმუშავეს მთელი ღამე და მეორე დილის 9 საათზე
მიიტანეს ვაგზალში. რომ მივედი, ვნახე, ბევრი ისეთი ჩაედოთ, რაც არც იყო წასაღები,
მაგრამ რაღას ვიზამდი, დაბეჭდილი ჰქონდათ უკვე!.. ნაგვის გადასაყრელი ტაჭკით
(განძეულის გადასატანად) გავედი სადგურში,
მეტი ვერაფერი მიშოვეს და ასე მივედით ვაგზალზე. სუყველა ვაგონი უცხოელების ელჩებს
ეკავა და სხვებს არ უშვებდნენ. შევუთვალე: თუ ადგილს არ მომცემთ, სულ ერთია,
ვერსად წახვალთ–მეთქი და მაშინ კი შემიშვეს...“
v
,,––
ჩემი პირველი არქეოლოგიური მოგზაურობა მცხეთაში იყო. მე და ბაქრაძე წავედით და
ყველა ხელნაწერი წამოვიღეთ. არ მახსოვდა, როდის იყო ეს ამბავი, მაგრამ ამას წინათ
ვნახე საეკლესიო მუზეუმის ანგარიშში! ეს ყოფილა 1889 წლის 17 თებერვალს!“
v
უთარიღო ჩანაწერი ჩანს, ბატონი ექვთიმეს მიერ ნაკარნახევი: ,,ექვ.
თაყაიშვილი უტოვებს ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტს მთელ თავის
ბიბლიოთეკას და ძალიან სასურველად მიაჩნია, რომ ინსტიტუტში იქნეს იგი დაცული
უპირველეს ყოვლისა!“
და
მეორე ნაკარნახევი ბარათი, რომელიც მეზობელ ქალს ჩააწერინა: ,,ბატონო გოგი!
უმორჩილესად გთხოვთ, მობრძანდეთ მაშინით და წაიღოთ წიგნები, რომელიც გადარჩეული
გაქვთ, იმედი მაქვს, დამდებთ პატივს და არ დაიგვიანებთ“.
ექვ.
თაყაიშვილი
19/X –
1952 წ.
გ. ლომთათიძე
1955წ. შემოდგომა
მასალა მოამზადა X კლასის მოსწავლე ქეთევან სოფრომაძემ
No comments:
Post a Comment