**************

,,მას წმინდანობის მოწამეობრივი გზიდან გადახვევა არ შეეძლო..."

2/18/2013

მას წმინდანობის...


,,მას წმინდანობის მოწამეობრივი გზიდან გადახვევა არ შეუძლია...“
     
      საქარველოს 1921 წლის დროინდელმა ლტოლვილმა მთავრობამ გადაწყვიტა უცხოეთში გახიზნულიყო და სახემწიფო ხაზინასთან ერთად თან წაეღო  სამუზეუმო ეროვნული განძიც.
      განძის მეთვალყურედ დაინიშნა ექვთიმე თაყაიშვილი, სახელმწიფო ხაზინის გამყოლად ––კი ყოფილი ფინანსთა მინისტრი იოსებ ელიგულაშვილი.
      თბილისიდან ჯერ ქუთაისში, შემდეგ ბათუმში, რის ვაივაგლახით, ამოტანილი  განძი საფრანგეთის კრეისერ „ერნესტ რენანზე“ დააბინავეს, მაგრამ კაპიტანმა   პირობა დაარღვია და  დანიშნულ დროზე ადრე ასწია ღუზა, განძის გამცილებლებს არ დაელოდა და კონსტანტინოპოლისაკენ გასწია.
       ნავსადგურში მისულმა ექვთიმე თაყაიშვილმა თვალი ძლივს მოჰკრა უკვე შუა ზღვაში გასულ გემს. კატერით გამოეკიდნენ კრეისერს, მაგრამ უშედეგოდ, ისევ ნავსადგურში დაბრუნდნენ და მოგვიანებით გაემგზავრნენ იუგოსლავიური პატარა გემით, კრეისერის კვალდაკვალ.
       მატარებლებითა და გემებით თვე–ნახევრის ნახეტიალებმა საუნჯემ ბოლოს მარსელის ნავსადგურს მიაღწია. განძი გემიდან ბანკში გადაზიდეს. თავად ექვთიმე კი მეუღლითურთ პარიზს გაემართა. პირველი 13 წელი მშვიდობიანი იყო, თუმცა ამ პერიოდში ბევრი საფრთხე და ცდუნებაც გაჩნდა განძთან დაკავშირებით; არაერთმა მუზეუმმა ითხოვა ქართული საუნჯის გამოფენა, მაგრამ ქართული მხარე მუდამ ურყოფითი პასუხით ისტუმრებდა მათ. ახალგორის განძი, ჩვენს  წელთაღრიცხვამდე შექმნილი საოცრება, ჩვენი საუნჯის მშვენებად ითვლება დღესაც. ეს განძი ჯერ კიდევ საქართველოში ექვთიმე თაყაიშვილმა გადაარჩინა. ის შემთხვევით აღმოაჩინეს  ქსნის ხეობაში გლეხებმა, ერთმანეთში დაინაწილეს, და ზოგი რამ გაყიდეს სხვადასხვა მხარეში. პირადად ექვთიმეს დაუღალავი ძიების შედეგად მოხერხდა ამ განძის ხელახლა მიკვლევა, შეგროვება, გამოსყიდვა და კავკასიის მუზეუმისათვის გადაცემა...  
      ...ლაღობს პარიზი, ცდუნებებით სავსე ქალაქი. ამ უსასრულო დღესასწაულის შემხედვარე კი სიდუხჭირეში ცხოვრობს ლტოლვილი კაცი, რომელსაც ერთ დღეში შეუძლია გახდეს უმდიდრესი ადამიანი. საკმარისია, სულ რამდენიმე ისტორიულ მონეტას შეელიოს, ერთბაშად გახდება დიდი თანხის მფლობელი, დაიწყება უზრუნველი ყოფა და მისი ნინოც ღირსეულად ეზიარება   გაფაქიზებულ ცხოვრებას. ვინ გაამტყუნებს? მაგრამ მას წმინდანობის მოწამეობრივი გზიდან გადახვევა არ შეუძლია . მას ურჩევნია დილდილობით ისევ აძოვებდეს თავის მარჩნალ ფრანგულ თხას, რომლის რძე მისთვის და ნინოსთვის არაერთხელ ყოფილა ერთადერთი საკვები მთელი დღის განმავლობაში...
         1932 წელი...
     „ჩემო ძვირფასო, რაღა მოგწერო, გონებით მინდა დავმშვიდდე, მაგრამ გული არ მემორჩილება, ნინო აღარ მყავს“,––სწერდა ექვთიმე თაყაიშვილი პარიზიდან მეგობარს...
   1933 წელი. ქართული დელეგაცია გაუქმდა. საქართველოს ყოფილი მთავრობა არარსებულად გამოცხადდა.
        1934 წლის მარტი. ქართულ საუნჯეს იმ დღეს დაემუქრა უდიდესი საფრთხე:
   ყოფილი მოჭადრაკის, ანდრია დადიანის ძმას,  „მინგრელსკით“ წოდებულ სამეგრელოს მთავარს ნიკო დადიანს ვაჟის გარდა ასულიც დარჩა, სალომე დადიანი ორბელიანსკაიასა. სალომე დადიანმა სარჩელი შეიტანა სეის დეპარტამენტის სასამართლოში; ის მოითხოვდა საფრანგეთში გატანილი ქართული საუნჯის იმ ნაწილს, რომელიც ერთ დროს მისი საგვარეულო განძი იყო. ორბელიანსკაიას მიერ ამ პროცესის მოგება ნიშნავდა საქართველოს ეროვნული განძის მნიშვნელოვანი ნაწილის საბოლოოდ დაკარგვას, თუმცა ქართველთა სასიხარულოდ სასამართლომ იურიდიულ საბუთად ცნო ოცი წლის დეკრეტი და სალომე დადიანს უარი უთხრა. სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა;  ამ საჩივარმა ფრანგებს გაახსენა მარსელში მიბარებული განძი, რომლის შენახვის თანხა გადაუხდელი აღმოჩნდა და სასამართლომ ქართულ განძეულს ყადაღა დაადო... საუნჯით დატვირთული ყუთები მარსელიდან პარიზში საფრანგეთის ბანკს ჩაბარდა .... რადგან ეს განძი ბანკში საქართველოს იმ მთავრობის სახელზე იყო შეტანილი, რომელიც არარსებულად გამოცხადდა. ქართული საუნჯე რუსეთის ყოფილი იმპერიის საკუთრებად  მიიჩნიეს და მისი განმგებლობა დაეკისრა ფრანგ მოხელეს პიერ ჟოდონს, რომელსაც უკვე ებარა რუსეთის ე. წ.  „უპატრონო ქონება“...
      დაიწყო განძისთვის ბრძოლის ახალი და ურთულესი ჟამი. საჭირო იყო, რომ ექვთიმეს ქონებოდა რაიმე სახის რწმუნება, თუნდაც ფორმალური. 1935 წლის აპრილში მისი თხოვნით საქართველოს ყოფილმა მთავრობამ მიიღო დადგენილება: „ბატონ ექვთიმე თაყაიშვილს უფლება აქვს მიიღოს ის ზომები, რომელსაც საჭიროდ დაინახავს ამ ქონების დასაცავად, ხოლო მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე თვითონ იქნება სრული პასუხისმგებელი აღნიშნული ქონების მეპატრონეთა და საქართველოს წინაშე“.
          დაიწყო ექვთიმეს კარდაკარ სიარული თხოვნებითა და განცხადებებით. წერილებს გზავნის საქართველოში, ითხოვს საქართველოს ჩარევას და შუამდგომლობას. საქართველოდანაც ყველა ღონეს ხმარობენ დახმარებისათვის, მაგრამ განძის გადარჩენას პირი არ უჩანს.
     ამ დროს ჰიტლერიზმი უკვე მზდდებოდა ევროპაში და მალე კიდეც დაიძრა ცეცხლით და მახვილით. საფრანგეთის რესპუბლიკა იძულებულია, ომი გამოუცხადოს გერმანიას. იტალია ომს უცხადებს საფრანგეთს, პარიზი              დღე-დღეზე ელის გერმანელთა შემოჭრას. დარღვეულია ყოველგვარი სულიერი წონასწორობა და ამ ამღვრეულ დღეებში ერთი ლტოლვილი ხეიბარი მოხუცი ნირშეუხრელად განაგრძობს თავის მოწამეობრივ ცხოვრებას; ეძიებს და პოულობს ქართულ ისტორიულ ნივთებს; თავად მშიერ-მწყურვალი, რის ვაივაგლახით ახერხებს მათ შეძენას ანტიკვარებისაგან, ემიგრანტი თაბნამემამულეებისაგან და ამდიდრებს ეროვნულ საუნჯეს, რომლის სამშობლოში  დაბრუნების იმედი   დღითიდღე ილევა და იწურება.
       ...ჰიტლერელები მოითხოვენ ქართულ განძს, გერმანიაში გადასატანად. ჟოდონი არწმუნებს მათ, რომ მან არ იცის განძის ადგილსამყოფელი. გერმანელები დახვრეტით ემუქრებიან ჟოდონს. ქართველებთან უკვე დამეგობრებული შესანიშნავი ფრანგი მოქალაქე პიერ ჟოდონის სახელით საიდუმლოდ  უკავშირდება  ექვთიმე თაყაიშვილს და ატყობინებს საუნჯეზე თავსდატეხილ ახალ საშიშროებას. პროფესორი ზურაბ ავალიშვილიც თავგამოდებით არწმუნებს გერმანელებს, რომ ის ნივთები მხოლოდ საქართველოსთვის შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი და, რომ ისინი სხვათათვის არავითარ ფასეულობას არ წარმოადგენენ.  და ბოლოს, ჟოდონმა და ქართველებმა დიდად სარისკო გადაწყვეტილება მიიღეს:  ოკუპირებულ პარიზში ბანკიდან ჩუმად გამოიტანონ ქართული საუნჯე და საბარგო ეტლით წაიღონ ვერსალში.
       საკმარისი იყო გზად გერმანელი პატრულები დაინტერესებულიყვნენ საბარგო ეტლის ტვირთით, საქართველოს სამუდამოდ დაეკარგებოდა თავისი საუნჯე  და ჟოდონსაც დახვრეტა არ ასცდებოდა...  ვერსალის ნაციონალური ბიბლიოთეკის სარდაფში ჩაზიდეს ყუთები და ქვაღორღიანი ნაგავი მიაყარეს....
       გერმანელები განაგრძობდნენ ქართული განძის ძებნას, მაგრამ არც ერთ ქართველს არ გაუცია საიდუმლო...
      1944 წლის 19 აგვისტო...
   პარიზში იფეთქა აჯანყებამ. ამ აჯანყებაში არაერთი ქართველი იღებდა მონაწილეობას...
      ...საფანგეთსა და საბჭოთა კავშირს შორის აღდგა დიპლომატიური ურთიერთობა, პარიზში კი – საბჭოთა საელჩო.  შარლ დე გოლმა 1944 წლის 23 ნოემბერს განკარგულება გასცა  ქართული განძეულის საქართველოში დაბრუნების შესახებ... მალე, ექვთიმესთან ერთად, განძი  ჩაიბარეს  თბილისიდან მივლინებულმა პეტრე შარიამ, შალვა ამირანაშვილმა, და პარიზის აეროდრომიდან აფრინდა ქართული საუნჯით დატვირთული თვითმფრინავი. განძს მცველებად გაჰყვენ ყოფილი ტყვეები––თეიმურაზ შავდია და ნიკოლოზ მელაძე...
       აღსრულდა!..
       ...უკან დარჩა შვიდდღიანი გზა –– შორი და მოვლითი: რომი, ბენღაზი, ქაირო და თეირანი. თვითმფრინავი მალე თბილისის აეროდრომზე დაეშვება. პარიზში, გამოფრენის წინ, ყველას ისეთი შდაბეჭდილება შეექმნა, რომ ექვთიმე სამშობლოში დაბრუნებას აღარ აპირებდა... იფიქრეს, იქნებ ნინოს საფლავის მიტოვება ეძნელება, ანდა ის, რომ ღრმად მოხუცებულს პირველად უხდებოდა თვითმფრინავით მგზავრობა?..
      ბოლოს ექვთიმე გაუბედავად გამოტყდა: –– „წარსდგა მშიერი და ვერა ტიტველიო“,–– და მაშინღა მიხვდნენ, რომ ძველისძველ სამოსშემოფლეთილ მეცნიერს ეთაკილებოდა საქართველოში ასე გლახაკივით ჩამოსვლა...
       ...გერმანელებისგან გაძარცვულ პარიზში შესაფერი სამოსი ვერ უშოვეს და მხოლოდ გზად,  ქაიროში,  შეუკერეს ტანსაცმელი...

მასალა მოამზადა X კლასის მოსწავლე 
 სალომე დიაკონიძემ 
(გამოყენებული ლიტერატურა: IX კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელო; რეზო თაბუკაშვილი ,,საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“)

No comments:

Post a Comment