**************

,,მას წმინდანობის მოწამეობრივი გზიდან გადახვევა არ შეეძლო..."

2/11/2013

დიდი ქართველი ასე იხსენებს განძთან დაკავშირებულ ისტორიას


ქართული სამუზეუმო ქონების ისტორიისათვის


1, [განძეულის საფრანგეთში ჩატანა]

[I
ვრიანტი, სქემატური ჩანაწერებითურთ.
დაწერილია საფრანგეთში]
       ტფილისის დატოვებაზე ორი დღით ადრე მენშევიკური მთავრობის თავმჯდომარემ საღამოს გამომიცხადა, ხვალ დილით ჩვენ ხაზინის ქონებას ევაკუაციას ვუშვრებით და ქუთაისში ვგზავნითო; საჭიროა მუზეუმების უძვირფასესი ნივთებიც გავხიზნოთო. . .
შევატყობინე ეს ამბავი ყველა მუზეუმთა გამგეს. მთელი ღამე დაუცხრომლად იმუშავეს და დილას ყუთები მზად იყო. გამოვითხოვეთ "გრუზავიკი", ჩამოვუარეთ ყველა მუზეუმსა და ყუთები გაიგზავნა ქუთაისში.
        სამუზეუმო ნივთების მეთვალყურეობა . , საქართველოს (ყოფ. კავკასიის) მუზეუმების გამგემ გააყოლა ჩვენგან კარგად ცნობილი . რომელმაც მოგვიტანა წერილობიტი დამოწმება, რომ ქუთაისის ხაზინამ უკლებლად მიიღო გაგზავნილი სამუზეუმო ნივთები. ის დამოწმება ყიფიანმა მე მაჩვენა. როდესაც შემდეგ ჩვენ, დამფუძლებელი კრების ყველა წევრი ჩავედით ქუთაისში, ფინანსთა მინისტრმა . მთხოვა გადამერჩია იქაურ ხაზინაში აგრეთვე შენახული, გელათის მონასტრის ნივთები და გამომეყო, თუ რა იყო მათში სამუზეუმო და რა - არა.
         ამის მუშაობას რამდენიმე დღე მოუნდა. ბოლოს, როდესაც წითელი არმია ქუთაისს მოუახლოვდა, მთავრობისა და პარტიათა წარმომადგენლების დადგენილებით გადაწყდა ქონება ჩატანილიყო ბათუმში,იქ მოთავსებულიყო საფრანგეთის კრეისერზე, ხოლო შემდეგ, თუ აუცილებელი გახდებოდა, საზღვარგარეთ ყოფილიყო წაღებული. დამფუძნებელი კრების მიერ მეთვალყურედ დავინიშნე მე, ხოლო მთავრობის მიერ - ფინანსთა მინისტრის თანაშემწე იოსებ ელიგულაშვილი. ქუთაისის ხაზინაში დიდძალი ქონება იყო დაგროვილი, წასაღები: ხაზინისა, მუზეუმებისა და ეკლესიებისა. მუზეუმთა ნივთები ქუთაისის ხაზინამ უკვე ჩალაგებული და გამზადებული მიიღო, ხოლო საეკლესიო ნივთები, . კანდელაკის თხოვნითა და ეკლესიისა და ხაზინის წარმომადგენელთა თანდასწრებით, გადავარჩიე. რაც სამუზეუმო იყო - ჩავაწყე, რაც არა - მიტროპოლიტ ნაზარის მიერ დანიშნულ წარმომადგენელს ეკლესიისას ჩავაბარე სიით და ხელიც მოვაწერინე, რომ მიიღო.
         . კანდელაკმა, მე, იოსებ ელიგულაშვილმა და ტფილისის ხაზინის გამგემ
მთელი ღამე გავატარეთ ქუთაისის ხაზინაში, რომ ნივთები ჩაგველაგებინა, დაგვებეჭდა და ვაგზალზე გასაგზავნად გაგვემზადებინა. გადაწყვეტილი იყო, რომ ის მატარებელი, რომლითაც ნივთები იგზავნებოდა, ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით უნდა გამოსულიყო ღამე, გათენებამდის. . . ამიტომ დიდი მუშაობა დაგვჭირდა, რომ მოგვესწრო. ყუთებს ხაზინის საერთო ნუმერაცია გაუკეთეს, რომ უფრო სწორი ანგარიში გვქონოდა.
        შემდეგ ყუთები დავთვალეთ და საერთო რიცხვი დავიჭირეთ. მერე დავიწყეთ ყუთების გზავნა სადგურში "გრუზავიკით", როდესაც ყველაფერი გავამზადეთ. ბეკი და ელიგულაშვილი სადგურზე იყვნენ, მათთან მიქონდათ ყუთები და ბარათები, თუ რამდენი იყო გაგზავნილი. ისინი ყუთებს იღებდნენ, ვაგონებში ათავსებდნენ და თან გვიგზავნიდნენ ბარათებს, თუ რამდენი ყუთი მიიღეს. ამ ოპერაციამ თითქმის გათენებამდის გასტანა. როცა მხოლოდ ორი რიგი დარჩა გასაგზავნი, მე და . კანდელაკმა დარჩენილი ყუთები დავთვალეთ და მივუმატეთ იმ რიცხვს, რომელიც ბარათების მიხედევით, გაგზავნილად ჩანდა.
         დააკლდა ერთი ყუთი. ამის ანგარიში მოვთხოვეთ ხაზინის იქ დამსწრე მოხელეებს, შეიქმნა მიძებნ-მოძებნა და ლაპარაკი, მაგრამ ყუთი არ აღმოჩნდა. შემდეგ მოხელეებმა გვაჩვენეს სხვა ანგარიში, საიდანაც თითქოს ჩანდა, რომ მეტი იყო გაგზავნილი. ამის მერე ყუთების ერთი პარტიაც გაიგზავნა და გასაგზავნი დარჩა კიდევ მხოლოდ ერთი პარტია. მაშინ . კანდელაკმა მთხოვა, საჩქაროს წავსულიყავი სადგურზე და, როდესაც უკანასკნელი პარტია მოვიდოდა, დაუყოვნებლივ დავძრულიყავით. მეც ასე მოვიქეცი, გავეშურე ბინაზე, სადაც ჩემი მეუღლე უკვე მზად იყო და მიცდიდა და წავედით სადგურში.
         იქ უკანასკნელი პარტიაც მისულიყო და ალაგებდნენ ვაგონში, მაგრამ ბეკმა და ელიგულაშვილმა გამომიცხადეს, უკანასკნელის წინ რომ პარტია მოვიდა, იმის ბარათში 31 ყუთი წერია, მაგრამ ნამდვილად კი 30 იყო, ასე რომერთი ყუთი არ მიგვიღიაო. ამ ამბავმა შემაშფოთა, დავიწყეთ მისი ძებნა და არსად აღმოჩნდა. ამას ნახევარი საათი მოვუნდით. მზე ამოვიდ, ორთქმავალიც მზად იყო, მაგრამ ვერ მივდიოდით. თავზარდაცემული დავრჩი: რაც საუკეთესო იყო, დაკარგული მეგონა. ზოგი სად გავგზავნე, ზოგი - სად, რომ . კანდელაკი მოენახათ.
         გადავწყვიტე, აღარ გამოვსულიყავი ქუთაისიდან, მანამ იმ ყუთს არ იპოვიდნენ. მომზიდველნი იქვე იყვნენ და როცა განვუცხადეთ, რომ მათ ერთი ყუთი არ მოუტანიათ, აურზაური ასტეხეს: ჩვენ წელში გავწყდით, მთელი ღამე ვიმუშავეთ და მადლობის მაგიერ ქურდობას გვწამებთო? რაც მოგვცეს, ის მოვიტანეთ, გზაში დაკარგვა შეუძლებელიაო. ჩვენ მაინც გავგზავნეთ კაცები, რომ ის მანძილი, რომელიც "გრუზავიკმა" გამოიარა, დაეთვალიერებინათ, მაგრამ არაფერი აღმოჩნდა. წავედი . კანდელაკთან, გავაღვიძე, ვუთხარი ეს სამწუხარო ამბავი და თან განვუცხადე, რომ მე არ შემიძლია, ვეღარ წამოვალ მეთქი. კოწიამ მთხოვა უსათუოდ წამოვსულიყავი, თორემ მთელი ქონება დაგვეკარგება, მერე შეიძლება აღარ გაგვიშვანო. დამპირდა, მე აქ კიდევ მოვნახავს, გამოვიძიებ საქმეს და თუ ვნახეთ, მოგაწევო.სხვა ღონე აღარ მქონდა, დავბრუნდი სადგურზე. ხალხი შეყრილიყო და ჩოჩქოლობდა. . .
        როგორც იყო, გამოვედით ქუთაისიდან. მცველებად გამოგვატანეს ექვსი კაცი "განსაკუთრებული რაზმიდან". ისინი გზაში უკმაყოფილებას აცხადებდნენ. პირადად ჩემთგან არაფერი უთქვამთ, მაგრამ ჩემდა გასაგონად და, ყოველ შემთხვევაში, გადმოსაცემად კი ელაპარაკებოდნენ სხვებს: "ამათ მიაქვთ ჩვენი საცხოვრებელი და ჩვენ კი მშიერთ გვტოვებენ; არა, ამას ვერ მოვითმენთ, ვერ გავუშვებთო" და სხვ.
         ბათუმში მთელი ოთხი დღე ვიყავით ვაგონში და ვცლიდით ჩვენ ნივთებს, მანამ - მეხუთე დღეს - არ მოგვეცა საშუალება, რომ გადაგვეტანა კრეისერზე ჩვენი და აგრეთვე ის ყუთები, რომელნიც იმ დროს მოიტანეს ბორჯომიდან [ბიბლიოთეკა დიდი მთავრობის სახლისა]. გადაზიდვის დროს ვნახე ის ყუთი, რომელიც დაკარგული მეგონა და ჩემ სიხარულს საზღვარი აღარა ჰქონდა. იგი მოქცეულიყო მეორე ყუთს ქევშ და მიტომ ვერ შეგვემჩნია ქუთაისში. მაგრამ ერთი მაინც აკლდა, ოღონდ რაკი ერთ ყუთს ორი ნომერი ეკრა, გვეგონა, რომ ამან გამოიწვია გაუგებრობა. ამით დავკმაყოფილდით, მით უმეტეს, რომ ქუთაისში ძიებამ დაკარგული ყუთისა ვერავითარი შედეგი ვერ მოგვცა.
          ყუთები თვლით ჩავაბარეთ კრეისერს და შემდეგ იმავე რიცხვით მივიღეთ სტამბოლში და გადავაბარგეთ Bien Hoa-ზე. ასეთივე სათვალავით მივიღეთ მარსელში გემიდან მუზეუმის ყუთები, რიცხვით ცამეტი და კი არ მახსოვდა, თუ ცამეტი კი არა, სულ თოთხმეტი იყო.
          საქმე ისაა, რომ ყუთები მართლაც ცამეტი იყო და მეც ეს რიცხვი ჩამრჩა თავში, მეთოთხმეტე კი ორ ჯოხზე გაკეთებული სურათები იყო, სამხატვრო გალერეიდან, და იგი გადამავიწყდა. 
         ასერ რომ აქაც სრულიად გულდამშვიდებული დავრჩი, რომ არაფერი დაგვიკარგავს. ახლა კი, როდესაც ჩვენი შედგენილი ნუსხის ნომრები შევუდარე ყუთების ძველ ნომრებს, რომელნიც ჩამოწერილი და ხელმოწერილი აქვს ქუთაისის ხაზინის გამგეს, აღმოჩნდა, რომ ერთი ყუთი - №102 [სურათების შემცველი] - ჩვენ მარსელში არ ჩამოგვიტანია, დაგვკარგვია. უსათუოდ საქმე გვაქვს ბოროტმოქმედებასთან, რომელიც ქუთაისშია ჩადენილი, ხოლო გამოურკვეველია, ვინ იყო მისი ჩამდენი: ხაზინის მოსამსახურენი, რომელნიც ყუთებს აძლევდნენ სადგურზე წასაღებად მილიციონერებს, თუ მილიციონარები, რომელნიც ამ ნივთებს ეზიდებოდნენ სადგურზე?. . .
        ჩვენი მარშუტი
        თებერვალი 
18-19
პანიკა თბილისში 
20-21
სამუზეუმო ნივთების ქუთაისში გამოგზავნა 
24 (?)
თბილისიდან გამოვედით 

       მარტი 
1-2
ქუთაისიდან წამოვედით 
3
ბათუმში მივედით 
5
დავტვირთეთ გემი ჩვენი ინვენტარით
6
მატარებლიდან გადავედით სასტუმროში 
11
გამოვედით ბათუმიდან
14
მოვედით კონსტანტინეპოლში
20
გამოვედით კონსტანტინეპოლიდან 
23
მარსინში მოვედით 
25
ალექსანდრეტაში მოვედით 
27
ბეირუთში მოვედით 
31
ბიზერტაში მოვედით 

         აპრილი 
5
ბიზერტაში მოვედით 
8
ბიზერტა დავტოვეთ 
10
საღამოს მოვედით მარსელში 
11
დილას ჩამოვედით გემიდან და გადმოვალაგეთ 
ნივთეი საფრანგეთის ბანკის მარსელის განყოფილებაში. 
მოვთავსდით სასტუმრო "რეჟინა"-ში.
         იქ დაგვხვდა . ავალიშვილი და ანდ. დეკანოზიშვილი.  საფრანგეთის სამხედრო სატრანსპორტი გემი Bien Hoa. 
        კონსტანტინოპოლში მოვიტანეთ სულ, ბორჯომის ნივთებიანად, 236 ყუთი, ერთი დიდი კალათი და 12 ტომარა. მერმე გადავაწყვეთ ტომრის ნივთები ყუთებში და მარსელში მოვიტანეთ 248 ყუთიდა ერთი კალათა, სულ 249. ამათში ქუთაისიდან წამოღებული იყო 175 ყუთი და 12 ტომარა, ბორჯომიდან ბათუმში ჩამოიტანეს 61 ყუთი, ხოლო ხობის მონასტრის ნივთები - ერთი პატარა ყუთი - იქვე ჩამოიტანეს ახალსენაკიდან.  ყუთები დაბეჭდილინ იქნა, პარიზში საქართველოს წარმომადგენლობის წარწერით. 

*
* *
1) 1921
წლის თებერვალში გამოვედით ტფილისიდან. 
2)
ვუკოლ ბერიძეს გავუგზავნე წერილი 1935 წლის 5 აპრილს. 
3)
პასუხი მივიღე 1935 წლის 10 მაისს. 
4)
გაზ. "კომუნისტ"-ში, 1931 წლის №45-ში, 22 თებერვალს დაიბეჭდა სია ტფილისიდან წამოღებული სამუზეუმო ნივთებისა. 
5)
მეორე ჩემი წერილი ვუკოლისადმი - 1935 წლის 26 მაისს.
6) მარსელის ბანკი ნივთების (39 ყუთის) შენახვაში იღებდა წელიწადში 2500 ფრანკს. გადახდილია მხოლოდ ერთი წლისა. 
7)
სამინისტროს ჩავაბარე ჩემი რაპორტი 1935 წლის 15 მაისს. 
8)
წიგნები, 27 ყუთი ჩავაბარე 1935 წლის 1 ივლისს [თბილისის უნივერსიტეტში წასაღებად]. 
ჩემი გამგზავრება თბილისიდან საფრანგეთში 1921 წლის 
24
თებერვალს თბილისიდან გამოვედით და მოვედით ქუთაისში. 
2
მარტს ქუთაისიდან გამოვედით. 
3
მარტს ბათუმში მოვედით.
5 მარტს დავტვირთეთ განძეულობა კრეისერ "ერნესტ რენან"-ზე 
6
მარტს გადავედით ვაგონებიდან სასტუმროში. 
11
მარტს გამოვედით ბათუმიდან. 
14
მარტს მოვედით კონსტანტინეპოლში. 
20
მარტს გამოვედით კონსტანტინეპოლიდან, გემით " Bien Hoa” .
23
მარტს მოვედით მერსინაში. 
25
მარტს მოვედით ალექსანდრეტაში. 
27
მარტს მოვედით ბეირუთიდან. 
31
მარტს გამოვედით ბეირუთიდან.
5
აპრილს მოვედით ბიზერტში.
8 აპრილს წამოვედით მარსელში. 
10
აპრილს მოვედით მარსელში
11
მაისს მარსელის ბანაკში დატოვებული იქნა 167 ყუთი. 
26
მაისს მარსელის ბანაკში დატოვებული იქნა შესანახად 
სამუზეუმო განძეულობა, 39 ყუთი. სხვა ყუთები
ზურაბ ავალიშვილმა მიაბარა პარიზის "გარდ-მებე"-ში
და იქ მან და იოსებ ელიგულაშვილმა 
მთავრობის ვერცხლეულობა გადაადნეს და 1. 200. 000 მანეთად 
გაყიდეს. 
ბანკში მიბარებული ყუთები №№ 91,92, 93, 94, 95, 96, 97, 98, 99 და 100, 101, 102, 103, 104.
        1934 წლის 8 მაისს სასამართლომ გამოიტანა დადგენილება რომ ჩვენი განძეულობა შესანახად გადასცემოდ დოჟონს, ვინაიდან მას პატრონი აღარ ჰყავდა. იმავე მოხელეს ებარა მეფის რუსეთის მთავრობის მიერ დატოვებული ქონებაც. 
        1935 წლის 5 მაისს ჟორდანიას "მთავრობისადმი". . . [წარდგენილი განცხადება პასუხად] . .
        მეცნობა მთავრობის დადგენილება, რომ უფლება მაქვს მივიღო ის ზომები, რომელსაც საჭიროდ დავინახავ. 

       ქრონოლოგიური ცნობები
1)
ჩემი რაპორტი ჩავაბარე საფრანგეთის მთავრობას 1935 წლის 8 მაისს. 
2) 1921
წლის 11 მაისს საფრანგეთის ბანკის ლიონი განყოფილებას ჩავაბარეთ 167 ყუთი, ხოლო 21 მაისს ზურაბ ავალიშვილმა და იოსებ ელიგულაშვილმა ბანკიდან გამოიტანეს 128 ყუთი. ბანკში დარჩა 39, მუზეუმის ნივთების შემცველი ყუთი. მათში ერია ერთი თუჯის ყუთი - ყოფ. "კავკასიის მუზეუმისა", რომელსაც შემდეგ "საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი" დაერქვა, და აგრეთვე ერთი კალათი (რომელშიც ის ვერცხლის გვირგვინები ელაგა, თავის დროზე დავით სარაჯიშვილის კუბოს რომ ამკობდა) და ერთი შეკვრა სურათები. მუზეუმის 13 ყუთი არ გაგვიხსნია. ზუგდიდის ყუთები იყო №№ 5, 18, 22, 24, 26, 27, 36. 
3) 1936
წლის 2 ივლისს ჩავაბარე საბჭოთა კავშირის წარმომადგენლის (პოტიომკინის) მდივანს 27 ყუთი ბორჯომის ყოფ. სასახლის ბიბლიოთეკის, წიგნები ჩვენი უნივერსიტეტისათვის გამოსაგზავნად. მათში ბევრი იყო აგრეთვე ჩემი შეწერილი წიგნები, სამეცნიერიო საზოგადოების "Societe Asiatique"- გამოცემანი. 
სამხედრო გემი - "Ernest Renan".?
სატრანსპორტო გემი - " Bien Hoa " ("ბიენ-ჰოა"). 
არასამუზეუმო ნივთები ყუთებით შესანახად მივაბარეთ Societe Nationale de Demonagement-, 1921 წლის 7 მაისს.
4) დამფუნებელი კრების დეკრეტი, რომ სამეგრელოს მთავრობის ქონება გადაირიცხოს საქართველოს რესპუბლიკის ქონებაში, გამოვიდა 1920 წლის 21 დეკემბერს. 
მარსელში ჩვენ მიერ ჩატანილი ნივთები შეიცავდა: 236 ყუთს და 12 ტომარას. ეს ტომრებიც მოვათავსეთ ყუთებში და სულ გამოვიდა 249 ყუთი. ამ აღნიშნული ნომრებიდან 175 ყუთი და 12 ტომარა წამოღებული იყო ქუთაისის ხაზინიდან, 61 ყუთი ბორჯომიდან იყო ბათუმში ჩამოტანილი, ერთი პატარა ყუთი - ხობის მონასტრის ნივთები - ახალსენაკიდან. მარსელში კომისია მუშაობას შეუდგა 1921 წლის 25 აპრილს და დაამთავრა 11 მაისს. ხაზინის 112 ყუთი (ქარხნების ვერცხლი) და მუზეუმების 13 ყუთი არ გაგვიხსნია. 

*
* *
სასამართლომ 1934 წლის 8 მაისს გამოიტანა დადგენილება, რომ ნივთები დოჟონს გადასცემოდა. დოჟონმა ჩაიბარა ისინი 1934 წლის 30 ნოემბერს (?) დოჟონის სია შედგენილია 1934 წლის სექტემბერ-ოქტომბერში. 
1) Monsieur A b l e C h e v a l l e y Ministe Plenipotentiaire, Haute Comissaire de France au Cauaze.
 
2)Cruisseur Francais “Ernest Renan”. 
შემდეგ: Vapeur “Bien Hoa”
3) A. T c h e n k el i – Envoue Extraordinaire et Ministre Plenipotentiare de Georgie en France.
 
4) ჩვენი ადვოკატი: Mr Ch. P o m a r e t, Depute.
5) Madame S a l o m e M i n g r e l i e, veuve du Prince. A l e x a n d r e O b o l e n s k i.
                      მუზეუმის ნივთების შესახებ
       1921 წლის 11 მაისს საფრანგეთის ბანკის ლიონის განყოფილებას ჩავაბარეთ 167 ყუთი, ხოლო 21 მაისს ზურაბ ავალიშვილმა და იოსებ ელიგულაშვილმა გამოიტანეს 128 ყუთი და ბანკში დარჩა მუზეუმის ნივთების შემცველი 39 ყუთი (ამათში ერთი თუჯის ყუთი კავკასიის, შემდეგ სა. სახელმწიფო მუზეუმისა; ერთი კალათი . სარაჯიშვილის ვერცხლის გვირგვინებისა და ერთიც სურათების შეკვრა). არ გაგვიხსნია. ზუგდიდის ყუთები იყო შვიდი: №№ 5, 18, 22, 24, 26, 27, 36.ჩემი მოხსენება საფრანგეთის მთავრობისადმი 1935 წლის 8 მაისს ჩავაბარე მთავრობის კანცელარიას. 
35
წლის 1 ივლისს ჩავაბარე ტფილისში გასაგზავნად ბორჯომის ბიბლიოთეკის 27 ყუთი და ჩემი წიგნებიც.კონსტანტინეპოლში ჩვენ მიერ მოტანილი ნივთები შეიცავდა 236 ყუთს და 12 ტომარას, სულ საერთოდ 249 ნომერს. იქ ტომრების ნივთები ყუთებსი მოვათავსეთ და სულ მარსელში მოვიტანეთ 249 ყუთი. 
ამ აღნიშნული ნომრებიდან 175 ყუთი და 12 ტომარ წამოღებული იყო . ქუთაისის ხაზინიდან, 61 ყუთი ჩამოტანილ იქნა ბორჯომიდან ბათუმში და ერთი პატარა ყუთი (ხობის მონასტრის ნივთები) - ახალსენაკიდან. 
მარსელში კომისა მუშაობას შეუდგა 1921 წლის 25 აპრილს, დაამთავრა - 11 მაის. 
ხაზინის 112 ყუთი (ქარხნების ვერცხლი) და მუზეუმების 13 ყუთი არ გაგვიხსნია. 
არა მუზეუმის ნივთები მივაბარეთ შესანახად Societe Nationale de Demonagement- 7 მაისს.დეკრეტი სამეგრელოს მთავრობის ქონების საქ. რესპუბლიკის ქონებაში გადარიცხვის შესახე მიღებულია 1920 წლის 21 დეკემბერს. 
2.
განძეულის გატანის, საფრანგეთში შენახვისა და
დაბრუნების ისტორია
[II
ვარიანტი, საქართველოში ჩამობრუნების შემდეგ დაწერილი]
192
1 წელს, მენშევიკური მთავრობის ემიგრაციის წინ, განძეულობა ჩატანილ იქნა ბათუმში. ძალიან იმედი გვქონდა, რომ არ გახდებოდა საჭირო მისი წაღება საზღვარგარეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და ყოფილმა მთავრობამ გადაწყვიტა, თან გაეყოლებინა განძეული. დამფუძნებელმა კრებამ, რომელიც მაშინ იკრიბებოდა ბათუმში, მე დამნიშნა განძეულის მეთვალყურედ და მთავრობამ კი თავის მხრით გამაყოლა მათი ფინანსთა მინისტრის ამხანაგი . იმ დროს საფრანგეთში მთავრობის მიერ ამიერკავკასიაში სრულუფლებიან მინისტრად დანიშნული იყო .მისი განკარგულებით ის განძეულობაცა და მთავრობის ქონებაც მოთავსებული იქნა სამხედრო გემზე, რომელსაც სახელდად ერქვა "ერნესტ რენანი". მე და ელიგულაშვილი კი არ აგვიშვეს იმ გემზე. ვინაიდან, მათი თქმით, გემი მოქმედებდა შავ ზღვაზე და ამიტომ მასზე არასამხედრო პირთა ყოფნა არ შეიძლებოდა. შევალიემ სიტყვა მოგვცა, რომ როდესაც გემი კონსტანტინეპოლში გაემგზავრებოდა, ჩვენ უსათუოდ მოგვათავსებდა ზედ. მაგრამ მან დაპირება არ შეასრულა. დანიშნულ დღეს ჩვენ ერთი საათით ადრე მივედით ნავთსადგურში, საიდანაც გემი უნდა დაძრულიყო და დავინახეთ, რომ კრეისერი უკვე საკმაოდ იყო ნავთსადგურს მოშორებული. ცდა, რომ კატერით დავწეოდით, ამაო შეიქმნა.მეტი ღონე არ იყო, პატარა კერძო გემით უნდა წავსულიყავით კონსტანტინეპოლისაკენ. 
        დარი ცუდი შეგვხვდა. იმდენად შეარყია ღელვამ გემი, რომ კაპიტანს ხსნი იმედი დაეკარგა ყველას გამოგვიცხადა, გადასარჩენი ფრთები წამოგვესხა, საბედნიეროდ, ორი საათი შემდეგ ამინდი შეიცვალა. ამრიგად, საშუალება მოგვეცა მიგვეღწია კონსტანტინეპოლისათვის. იქ დაგხვდა ის კრეისერი "ერნეს რენანიც". გვეგონა, რომ ჩვენცა და ჩვენი ნივთებიც იმ კრეისაერით მივიდოდით მარსელში, მაგრამ ეს ასე არ მოხდა: გამოსცეს განკარგულება, ნივთები გადაეტანეთ დიდსა და და დაძველებულ სატრანსპორტო გემზე, რომელსაც "ბიენჰოა" ("Bien Hoa ") ეწოდებოდა. მისი დანიშნულება იყო მოევლო მცირე აზიისა, ეგვიპტისა და ჩრდილო აფრიკის ყველა ნავთსადგური.რათა საფრანგეთში წაეყვანა იქ მყოფი დაჭრილები და ავადმყოფები. ეს ამბავი არ გვესიამოვნა. მაგრამ სხვა რა გზა იყო, უნდა [შევრიგებოდით]. 
        პირადად ჩვენ პატივით მიგვიღეს და კაპიტანს განკარგულება მისცეს, მასთან ერთად მიგვეღო საზრდო მე და ჩემს მეუღლეს. ეს მოულოდნელი იყო ჩვენთვის, ვინაიდან კაპიტანთან უცხოთა მიერ საზრდოს მიღება წესსა და დისციპლინას არღვევდა. საბედნიეროდ, კაპიტანი დიდად პატიოსანი და თავაზიანი კაცი აღმოჩნდა [გვარად ვანდიერი იყო]. ყველა ნავთსადგურში, სადაც კი მოვისურვებდით, კატერით გადაგვსვამდა ხოლმე ქალაქის დასათვალიერებლად. ამინდიც კარგი შეგხვდა. ტუნისში რომ მივედით, კაპიტანმა ჰაეროვანი ტელეგრაფით მიიღო ბრძანება, რომ წასულიყო კორსკის კუნძულზე ერთი გემის გადასარჩენად. ამ ამბავმა ჩვენი კაპიტანი დიდად შეაწუხა და მან გვითხრა, სახიფათო იქნება, რადგან კორსიკასთან ბევრი წყალქვეშა კლდეაო, მაგრამ მეტი გზა არა ჰქონდა, გაემგზავრა. საბედნიეროდ, ნახევარი საათის შემდეგ მოუვიდა მეორე ტელეგრამა: იმ გემს, რომელიც იღუპებოდა, უკვე უშველესო. 
ამრიგად, ტუნისიდან გასულნი პირდაპირ მარსელში გავემგზავრეთ და მშვიდობით ჩავედით. 
        ჩვენი გემის შესახებ თვით კაპიტანი ცუდი აზრის იყო და ამბობდა, მეტისმეტად დაძველებულია, ერთი-ორი რეისის შემდეგ ხმარებიდან გამოვაო. როგორც შემდეგ გაზეთში წავიკითხე, მართლაც ასე მომხდარიყო.  მე ტელეგრამით ვთხოვე . , მენშევიკების მთავრობის წარმომადგენელს პარიზში, გამოეგზავნათ მარსელში კომისია, რომელიც გამოყოფდა სამუზეუმო ქონებას "მთავრობის" ქონებისაგან (ამ უკანასკნელში საკმაოდ იყო სახაზინო ნივთები და ვერცხლეულობა). . ჩხენკელმა გამოგზავნა საქართველოდან გაქცეული "მთავრობის" საქმეთა მმართველად დანიშნული ერთი დიპლომატი და აგრეთვე . ამრიგად კომისიაში შევედით ოთხი კაცი. მე, იოსებ ელიგულაშვილი და ის ორი პარიზიდან გამოგზავნილი. 
მანამ მარსელში მივიდოდით, კაპიტანმა გაუგზავნა ჰაეროვანი ტელეგრამა  მარსელის მთავრობას, რომ დაეხვედრებინათ სამხედრო მცველები განძეულობის მარსელის ბანკში გადასატანად.მთავრობამ ამ საქმეში დიდი სიფრთხილე გამოიჩინა და გამოიწერა სენეგალის პოლკი, რომელიც საფრანგეთის ხელისუფლების მიერ მიჩნეული იყო ყველაზე უპატიოსნეს სამხედრო ერთეულად. ისე რომ ისინი თავიანთი ქონების სადმე გადატანისას მხოლოდ იმ პოლკს ენდობოდნენ. ჩვენი ნივთებიც სენეგალის პოლკმა ალყაშემორტყმით გადაიტანა გემიდან მარსელის ბანაკში. 
       ამის შემდეგ დაიწყო კომისიამ მუშაობა, რამაც ერთი თვეს გასტანა. სამუზეუმო ნივთები მოვათავსეთ 39 ყუთში და ხელწერილით მივაბარეთ მარსელის ბანკს. 
       ამას რომ მოვრჩით, მე და დეკანოზიშვილი პარიზს გავემგზავრეთ, დანარჩენი ორი კაცი კი მარსელში დარჩა: მათ "მთავრობის" დავალებით ლიკვიდაცია უნდა ექნათ სახაზინო ნივთებისა და ვერცხლეულისათვის და კიდევაც უქნეს. 
სამუზეუმო ქონების შენახვის სასყიდლად მარსელის ბანკმა წელიწადში 2.500 ფრანკი მოითხოვა.მას მერმე ის ნივთები ხელუხლებლად ინახებოდა იმ ბანკში, სანამ საფრანგეთის მთავრობამ არ გააუქმა მენშევიკების ლეგაცია. 
ჩვენს განძეულობას საფრანგეთში ბევრი მტერ-მოყვარე და ცილისმწამებელი აღმოუჩნდა. მოყვრებად მოჰქონდათ თავი მყიდველებს, რომელთაც უნდოდათ ცალკეული იშვიათი ნივთების შეძენა. 
         პირველ ყოვლისა მოვიდა ნიუ-იორკის ხელოვნების მუზეუმის დირექტორი და დაუწყო და დაუწყო მოლაპარაკება მენშევიკებს, რომ მიეყიდათ მათთვის მინანქრიანი ხატები და მედალიონები. ჩვნებურ მინანქართან ერთი დიდი კოლექცია იმ მუზეუმს ადრე ჰქონდა შეძენილი ზვენიგოროდსკისაგან, რომელიც ალექსანდრე მესამის დიდი მოხელე იყო. ერთ დროს ვინმე საბინგუსმა ეგზარქოსის ნებართვით მოიპოვა უფლება განეახლებინა ძველი შემკულობა საქართველოს ეკლესიათა ხატებზე. მან ბოროტად გამოიყენა ეს უფლება, მოსპო ბევრი ძველი ხატი და მათი მინანქრიანი მედალიონები კი მიჰყიდა კოლექციონერ ზვენიგოროდსკის. როგორც ცნობილია, მინანქრის ხელოვნება დიდად იყო საქართველოში გავრცელებული და ჩვენებურ ხატებზე ხშირად ეკრა მედალიონები - ბიზანტიურიცა და ქართულიც. თუმცა იციან მინანქრიანი ხატებისა და სხვა საეკლესიო ნივთების დამზადების რეცეპტი, მაინც ვერავინ ახერხებს ამ ხელობის აღდგენას. ზვენიგოროდსკიმ ჩვენ მინანქრებში ნიუ-იორკის "მეტროპოლიტენ მუზეუმისაგან" მიიღო 200.000 მანეთი, რაც იმ დროისათვის ერთობ დიდი ფული იყო. ახლა კი მუზეუმმა და მისმა დირექტორმა მოინდომეს ქართული მინანქრების კოლექციის უფრო მეტად შევსება. 
        დირექტორმა ჯერ ჰკითხა ყოფ. მთავრობის თავმჯდომარეს, რით ცხოვრობთო? თავმჯდოამრემ უპასუხა, გვყას მოყვარები, მაგრამ, რასაკვირველია, ეს არა კმარა და ხელმოკლედა ვართო. მაშინ დირექტორმა უთხრა, მაგ მდგომარეობას შეგიმსუბუქებთ, თუ მინანქრების განძეულს მოგვყიდითო. ეს რომ ჩემ ყურამდე მოვიდა, განვუცხადე თავმჯდომარესაც და ნიუ-იორკის მუზეუმის დირექტორსაც, რომ გაყიდვაზე საუბარი ყოვლად შეუძლებელია. ბევრი წუწუნისა და ლაპარაკის შემდეგ მუზეუმის დირექტორმა ასეთი წინადადება მისცა ემიგრაციის ხელმძღვანელობას: მოგვეცით პირობა, რომ ამ ნივთებს არ გაჰყიდით და თუ დააპირებთ, ისევ ჩვენ მოგვყიდით, რა თქმა უნდა, შესაფერ ფასად, ხოლო ამ პირობის ძალით კარგა დიდ თანხას გასესხებთო. იმათ თითქოს მოეწონათ ეს წინადადება და მზად იყვნენ პირობის მისაცემად. მე, რასაკვირველია, უარი ვთქვი: რა პირობა უნდა მოგცეთ? ნუთუ ის, რომ ჩვენ კრიმინალურ საქციელს არ ჩავიდენთ და სხვის მიერ დასაცავად მობარებულ ნივთებს არ გავყიდით მეთქი? ყველა პატიოსან კაცს მოეთხოვება ელემენტარული სინდისიერება, რომ მობარებული ნივთი ხელუხლებლად შეინახოს მეთქი! ვალის აღება ადვილია და გადახდა კი ძნელი მეთქი! ვინც მაგისთანა პირობას გთხოვთ, მან კარგად იცის, რომ თქვენ ვალის გადახდა არ შეგეძლებათ და, ბოლოს და ბოლოს, იმ ვალს არშეგარჩენენ მეთქი!  რაკი მე ხელი არ მოვუწერე იმ პირობაზე, ეს კომბინაცია, რა თქმა უნდა, ჩაიშალა. 
        შემდეგ ბრიტანეთის მუზეუმმა დაუწყო მოლაპარაკება ყოფილ მთავრობას, რომ ქსნის [ახალგორის] იმ განძიდან, რომელიც ჩემ მიერ იყო შეკრებილი და მუზეუმისათვის შეძენილი, ერთი რომელიმე საუკეთესო ნივთი დაეთმოთ მისთვის. სამაგიეროდ პირდებოდნენ მთელი ჩვენი განძეულობა უსასყიდლოდ შეენახათ თავიანთთან და მისი ალბომები გამოეცათ. საამისოდ [ინგლისელი ისტორიკოსი ქართველმცოდნე] ალენი მოუგზავნეს და შუაკაცად ერთი ემიგრანტი პროფესორი აირჩიეს.  უკანასკნელი, რა თქმა უნდა, ამ წინადადებით პირველად ჩემთან მოვიდა და ყველაფერი გამომიცხდა. ის თითქოს თანახმა იყო იმ კომბინაციისა, მაგრამ მე უარი ვუთხარი, ნივთები მუზეუმთან კუთვნილებად ითვლება მეთქი. ამრიგად, კვლავ მოისპო ნივთების გაყიდვისა თუ დათმობის საკითხი. 
        როგორც ვხედავთ, არ შეეფერებოდა სიმართლეს აქაურ პრესაში ერთ ხანს გამოსული ხმა, თითქოს მენშევიკებმა აიძულეს . თაყაიშვილი, განძეულის ყუთEბი გაეხსნა და ნივთები გაყიდესო. ესვერც მათ და ვერც სხვამ ვერ მოახერხეს. 
        ჩვენს განძეულობას საფრანგეთშიც აღმოუჩნდა მტერი.
        იმ დროს იქ ცხოვრობდა გრაფ ობოლენსკის ქვრივი, სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ნიკო დადიანის ასული [სალომე]. მან მოგვთხოვა დაგვებრუნებინა მისთვის სამეგრელოს მთავრის ოჯახიდან წამოღებული ნივთები. უნდა მოგახსენოთ, რომ მენშევიკურმა მთავრობამ გამოსცა დეკრეტი, რომლის ძალითაც სამეგრელოს მთავრის მთელი ქონება სახელმწიფოს კუთვნილებად გამოცხადა. ჩვენც, რა თქმა უნდა, უარით ვუპასუხეთ ობოლენსკის ქვრივს. მან სასამართლოს მიმართა და დაიწყო პროცესი, რომელიც 7 წელიწადს გაგრძელდა. 
        ობოლენსკისას ბევრი დამხმარე აღმოუჩნდა იქაურ არისტოკრატიაში. მის საჩივარს ირგვლივ სპეკულაცია გაჩაღდა. მომჩივანმა გაბერა დადიანების სასახლიდან წამოღებული ნივთების სია და ისე გამოდიოდა, თითქოს აქედან საფრანგეთში გატანილი განძეულის ნახევარი სამეგრელოს მთავრის ქონება ყოფილიყოს. საჩივრის საფუძველი ის იყო, რომ საქართველოს მენშევიკურ მთავრობას უფლება არ ჰქონდა დეკრეტის ძალით ჩამოერთვა ის ქონება, ვინაიდან სამეგრელოს მთავარი რუსეთის ქვეშევრდომი იყო და არა საქართველოსი. რა თქმა უნდა, სასამართლომ ეს მოტივი არ მიიღო, ვინაიდან საქართველო თავისუფალ სახელმწიფოდ იყო ცნობილი თვით საფრანგეთის მთავრობის მიერ. კომბინატორებმა დიდი ფული დახარჯეს ობოლენსკის ქვრივის დასახმარებლად - იმ იმედით, რომ პროცესს მოიგებდნენ და ერთი ათად მეტ თანხას მიიღებდნენ. ერთი მათგანი სიკვდილითაც კი მემუქრებოდა. პროცესი რომ საბოლოოდ წააგო, ობოლენსკის ქვრივმა გერმანიას მიაშურა და მისი დამქაში კომბინატორები ხელცარიელი დარჩენ. ეს პროცესი მაშინ გათავდა, როდესაც მენშევიკების მთავრობა საფრანგეთის ხელისუფლების მიერ უკვე უარყოფილი იყო. ამიტომ სასამართლომ ობოლენსკის ქვრივს კი უთხრა უარი, მაგრამ თან დაადგინა: მენშევიკების მთავრობა რაკი აღარ არსებობს, საქართველოს განძეულობა უპატრონოდ გამოაცხადდეს და შესანახად გადასცეს მოსიე დოჟონსო. იმ დოჟონს კვე ებარა მეფის რუსეთის მიერ საფრანგეთში დატოვებული ქონება. 
რაკი მენშევიკური მთავრობა გაუქმებულად გამოცხადდა და მას განძეულის პატრონობაც ჩამოერთვა, განვუცხდე მის ყოფილ ხელმძღვანელებს. ამიერიდან მე გამოვდივარ მეთქი საფრანგეთი მთავრობის წინაშე, როგორც განძეულის მცველი და შენახვის მეთვალყურე. ეს განცხადება მოეწონათ, ვინაიდან თავიდან ეხსნებოდათ განძეულზე პასუხისმგებლობა: ისინი თითქმის დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მისი დაბრუნების იმედი დაკარგულია და გადმომცეს ამონაერი ამ საქმის შესახებ გამოტანილი დადგენილებიდან. მაცნობებდნენ, რომ დამფუძნებელმა კრებამ და მუზეუმთა გამგეობამ დამნიშნეს განძეულის მომვლელად და მეთვალყურედ; რომ უფლება მაქვს ისე მოვიქცე როგორც საჭიროდ მივიჩნევ და რომ მე ვიქნები პასუხისმგებელი როგორც მუზეუმების, ისე საქართველოს წინაშე. 
      ამის შემდეგ შევადგინე მოხსენება საფარანგეთის მთავრობისადმი, რომელშიც ვწერდი: ის სამუზეუმო განძეული, რომელიც სასამართლომ დოჟონს ჩააბარა, არ ეკუთვნოდა არც საქართველოს მთავრობას და არც, მით უმეტეს, რუსეთის ყოფილ მთავრობას; იგი შეადგენს ისეთ კერძო დაწესებულებათა კუთვნილებას, როგორიც იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება", საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება", საქართველოს სამღვდელოების "საეკლესიო მუზეუმი" და კერძოდ დაარსებული მხატვართა საზოგდოება; ამ საზოგადოებებმა თავიანთი ქონება შესანახად და მოსავლელად მიაბარეს მთავრობას და ამიტომ იგი ამ უკანასკნელის სახელზე იყო შეტანილი მარსელის ბანკში, რადგან ეს მთავრობა ცნობილი იყო საფრანგეთის მთავრობის მიერ, როგორც დამოუკიდებელი ანუ თვითმპყრობელი სახელმწიფოს მთავრობა; ახლა რაკი იმ მთავრობას აღარ სცნობდნენ, განძეულიც უნდა დაუბრუნდეს თავიანთ მუზეუმებს. საფრანგეთის მთავრობამ ამ ჩემ განცხადებაზე პასუხი არ მომცა. ჩვენი დამცველი . საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის დეპუტატი იყო. ის მარწმუნებდა, მთავრობა ვერ შეიძლებს მაგ განძეულის მითვისებას, თუკი დავუმტკიცებთ, რომ ყოველივე ეკუთვნოდა კერძო საზოგადოებასო. 
       ჩემი მოხსენების პირი გამოვუგზავნე საქართველოში [იმჟამად მეცნიერების მთავარი სამმართველოს უფროსს], რათა გადაეცა რესპუბლიკის მთავრობისათვის, ხოლო ამ უაკანსკნელს მოევლინებინა პარიზში სათანადო დეპუტაცია და საბუთEბი, რომლებშიც აღნიშნული იქნებოდა, თუ რა დაწესებულებას რა ნივთები ეკუთვნოდა, აგრეთვე იმ დაწესებულებათ წესდებანი და კატალოგები, დეპუტაციას უნდა მოეთხოვა საფრანგეთის მთავრობისათვის განძეულის დაბურნება. იგი უნდა შემდგარიყო ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორთაგან. მაგრამ საქართვგელოდან ასეთი დეპუტაციის მაგიერ გამოგვიგზავნეს [დიპლომატი] - კარგი კაცი, ოღონდ განძეულის საქმეში ნაკლებ ჩახედული. ამ უკანასკნელზე ზრუნვა მიანდეს საბჭოთა კავშირის წარმომადგენელს საფრანგეთში და იმავე კვიტაიშვილს. პოტიომკინმა გამომიგზავნა თავისი მდივანი და მთხოვა გამეცნო მათთვის და კვიტაიშვილისათვის საქმის ვითარება. 
      მეც ჩავეედი ლევილიდან პარიზში და შევუდექით მუშაობას. გადავეცი ჩემი რაპორტები ანუ მოხსენებანი საფრანგეთის მთავრობისდმი და სხვა მასალები. ჩვენი მუშაობა გაგრძელდა თითქმის ერთ თვეს, მაგრამ ამაოდ კი ჩაიარა: პოტიომკინმა მაცნობა, სამწუხაროდ ჯერ არაფერი გამოდისო. 
      ამის შემდეგ ვაპირებდი საჩივრის აღძღვრას სასამართლოში, მაგრამ ამასობაში საფრანგეთის მთავრობის თავმჯდომარე გახდა სოციალისტი , რომელიც დიდად დაახლოებული იყო მენშევიკების მთავრობასთან - შეხვედრისას ერთიმეორეს კოცნიდნენ ხოლმე. ამიტომ იმედი მომეცა. ეგებ მან მაინც დაგვიბრუნოს განძეული მეთქი. მასაც გავუგზავნე ჩემი რაპორტი და პირადად მოსალაპარაკებლად ვაახლე სიმონ მდივანი, რომელიც მენშევიკების მიერ თურქეთში იყო ელჩად გაგზავნილი. ბლიუმმა თქმით კი უთხრა, განვიხილავთ მაგ საქმესო, მაგრამ არც არა განუხილავს რა და არც პასუხი გაუცია ჩემთვის. 
       მერე დაიწყო [მეორე] მსოფლიო ომი და ფაშისტურმა გერმანიამ საფრანგეთი დაიპყრო. პირველად რომ მოვიდნენ პარიზში გერმანელები, მე დავებეზღებინეთ მათთან, როგორც გერმანიის მოწინააღმდეგე. ამიტომ თავს დამადგნენ გასაჩხრეკად. სამი კაცი იყო: ერთი სამხედრო პირი - პოლკოვნიკი.  მეორე - საერთო პირი, გამომძიებელი და მესამეც - მათი დამხმარე. ჩემს ბინაში მედგა დიდი ყუთები, რომლებშიც საეკლესიო და სხვა არქეოლოგიური ნივთები ეწყო. პირველად მომთხოვეს გახსნა ერთი ყუთისა, რომელშიც სწორედ საეკლესიო საგნები აღმოჩნდა. პოლკოვნიკმა ერთი-ორი ნივთის გასინჯვის შემდეგ ხელი დამიქნია, დახურეთო. იმ დროს გამომძიებელი ათვალიერბდა ქაღალდებს, რომელშიც იყო მენშევიკების მიმოწერა II ინტერნაციონალთან. ამან იგი დააინტერესა და დაარწმუნა, თითქოს, იმ სახლში მცხოვრებნი ყველანი [მენშევიკები] ვიყავით. მან უთხრა პოლკოვნიკს, მეორე ყუთიც გასინჯეთო. გავუხსენით ის ყუთი ვაჩვენე, რაც პირველი მომხვდა ხელში - ნაპოლეონ პირველის პატარა ქანდაკება. პოლკოვნიკმა ისევ გააქნია ხელი და თვითონვე დახურა ყუთი. მე ვუთხარი, მეორე ინტერნაციონალთან მიწერ-მოწერას ჩვენი ყოფ. მთავრობა აწარმოებს, მე კი მათ პარტიას არ ვეკუთვნი და მხოლოდ არქეოლოგიას ვემსახურები მეთქი. მათ სხვა ვერაფერი ნახეს და ისე წავიდნენ, აღარ შევუწუხებივართ. 
        მაგრამ ნაცისტებს ბერლინში ზოგიერთი ქართველი მიმხრობოდა და ჰიტლერის თაყვნისმცემელი გამხდარიყო. ისინი დაუფიქრებლად დარწმუნებული იყვნენ, ჰიტლერი საქართველოს თავისუფლებას მიანიჭებსო. .     მათ დააჯერეს და გერმანიაში წაიყვანეს პროფ. . ავალიშვილი, რომელიც იქ უდროვოდ დაიღუპა კიდევაც (ქალაქის დაბომბვისას) და მასთან ერთად დაგვეკარგა აუარებელი ისტორიული მასალა, საქართველოს შესახებ, რომელიც ავალიშვილს ჰქონდა შეგროვილი. 
       ჰიტლერისადმი ბრმად მიმხრობილი ქართველი ემიგრანტები აღარ ითვალისწინებდნენ, რომ ის კაციჭამია რუსეთის დამარხების შემთხვევაში არც საქართველოს დააყრიდა კარგ დღეს. რატომღაც ეგონათ, მცირე ავტონომიას მოგვცემსო. მენშევიკების დროს ჩვენში გერმანიის ელჩად ნამყოფი დიპლომატიც ვითომ ცდილობდა ამის შთაგონებას "ფიურერისათვის", ქართველები ძველი კულტურის ერია და ავტონომიის ღირსნი არიანო, მაგრმ ჰიტლერი ამას აინუნშიაც არ აგდებდა. და აი, გასაოცარი ამბავი კი იყო, მაგრამ ბერლინელი ქართველები ზოგნი მაინც დაუფიქრებლად მისდევდნენ ჰიტლერს. 
გერმანიაში გადასვლაზე გადაჭრილი უარი ვუთხარი: მე აქ ქართულ მუზეუმთა განძეულობის მეთვალყურედა ვარ გამოგზავნილი და აქვე უნდა დავრჩე, სანამ მას არ მივიღებ მეთქი. ამან მეორე საშიშროება წარმოშვა: ბოლოს და ბოლოს, გერმანელებმა მოინდომეს განძეულობის მოთხოვნა საფრანგეთის მთავრობისაგან და ბერლინში გადატანა და კიდევაც დაიწყეს მოლაპარაკება. ამ გასაჭირში დავიხმარე ერთი დიდი საქმოსანი, ქართველი .., რომელსაც . . .
დიდი გავლენა ჰქონდა. მან მე დამიჭირა მხარი და არ დაეთანხმა ზოგიერთ ემიგრანტს, რომლებიც განძეულობის გერმანიაში წაღებას საჭიროდ მიიჩნევდნენ. მევე მომემხრო ზემოხსენებული პროფესორი, რომელიც არწმუნებდა გერმანელებს, ეს განძეული მარტო საქართველოსთვის არის ღირებული, როგორც ისტორიული საბუთები, თორემ სხვებისთვის არაფერი სახარბიელოაო. ჩვენი ქონების მცველად ფრანგების მიერ გამოყოფილმა დოჟონმა მითხრა შემდეგ .. რომ დათანხმებოდათ, გერმანელები უთუოდ გვაიძულებდნენ, მოგვეცა თქვენი განძეულობაო.
        ამრიგად, როგორც იქნა, ეს განსაცდელიც ავაშორე თავიდან განძეულობას. 
მისი საქართველოში დაბრუნების საკითხი გადაწყვიტა საბჭოთა კავშირის უმაგალითო გამარჯვებამ მეორე მსოფლიო ომში, რის შედეგადაც გერმანელებმა მიატოვეს პარიზი და ფრანგებმაც სული მოითქვეს. ამ გამარჯვებამ დიდი სახელი გაუთქვა საბჭოთა სახელმწიფოს. საფრანგეთში, ფრანგები მასზე "ლოცულობდნენ". . .იმ დროს პარიზში ჩამოვიდა სსრკ ელჩი . მე მაშინ ვაცნობე, რომ მისი ნახვა მინდა და ვთხოვე დაენიშნა ჩემთვის შეყრის დრო. მან თავისი მანქანა გამომიგზავნა, რაც პირველად მეუხერხულა კიდევაც. ჩემ წასაყვანად იმ მანქანით მოვიდა პოლკოვნიკი . [ქართველი ემიგრანტი]. მას პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ გაგონილი მქონდა, რომ ისა და მისი მეუღლე მოხერხებული საქმოსნები იყვნენ. გზაში მითხრა, ბოგომოლოვს მე დავპირდი, რომ ევგენი გეგეჭკორსაც მივუყვანდი, მაგრამ გეგეჭკორისათვის ეს არც გამიმხელია, ვინაიდან კარგად ვიცი, ის საბჭოთა ელჩს ჯერ ვერ ინახულებსო. ამ განცხადებამ კიდევ უფრო დამარწმუნა, რომ პოლკოვნიკი სიყალბეს არ ერიდებოდა. მივედით ბოგომოლოვთან. მან დიდად თავაზიანად მიმიღო.   განვუცხდე, რომ განძეულობის საქართველოში დაბრუნების თაობაზე ვიყავინ მისული. მან მითხრა, ჯერ ვისაუზმოთ და საქმეზე კი, გინდათ საუზის დროს ვისაუბროთო, გინდათ - შემდგო. მე საუზმობისას მოვახსენე ყველაფერი. მან მითხრა, მაგ საქმეში ჩახედული არა ვარ და რასაც მეტყვით, ყველაფერს აგისრულებთო. პოლკოვნიკი . საუზმეზე გვერდით უჯდა ბოგომოლოვს. საუზმის ბოლოს ამოიღო უბიდან რაღაც დაწერილი წერილი და წაუკითხა.
კარგად არ მესმოდა, რაში იყო საქმე, მაგრამ ერთს კი მივხვდი: ის თხოულობდა 50.000 ფრანკს, რომელიც ვითომც და დახარჯვოდა განძეულობისნ საქმეზე. ელჩმა ის დაწერილი გამოართვა და უბეში ჩაიდო. აშკარა იყო, . რაღაც მანქანებით დაახლოვებოდა ბოგომოლოვს, რომელიც მას სიმპათით ეპყრობოდა 
ბოგომოლოვს, გარდა სიტყვიერი განცხადებისა, წერილობითიც წარვუდგინე: ვთხვოვდი, აღეძრა განძეულობის დაბრუნების საკითხი. იმ დროს საფრანგეთის მთავრობის სათავეში ახალი ჩამდგარი იყო გენერალი დე-გოლი და ის საკითხიც, რა თქმა უნდა, მას უნდა გადაეწყვიტა. ბოგომოლოვმა მითხრა, პირადად მე ვერ ავუხსნი დე-გოლს საქმის ვითარებას და ამიტომ კარგი იქნება, თუ მომცემთ ჯეროვან მოხსენებას, რომელშიც ყველაფერი განმარტებული იქნებაო. რა თქმა უნდა, დავწერე და გადავეცი ვრცელი მოხსენება დე-გოლის სახელზე.   ბოგომოლოვმა იგი მაშინვე წარუდგინა, როდესაც ორივენი უნდა გამოფრენილიყვნენ მოსკოვს, საბჭოთა მთავრობის მეთარუთან. ომი ჯერაც გრძელდებოდა და საფრანგეთის საბოლოო ხსნა და შველა დიდად იყო დამოკიდებული საბჭოთა კავშირზე. რასაკვირველია, დე-გოლს უარის თქმა არ შეეძლო და მანაც გასცა განკარგულება, რომ დაუყოვნებლივ დაგვბრუნებოდა განძეულობა. ამ საქმეზე ზრუნვა ბოგომოლოვმა მოგვანდო მე, კონსულს გუზოვსკისა და საელჩოს საქმის მწარმოებელს.  
       მეორე  დღეს გუზოვსკი მივიდა დოჟონთან, რომელსაც ებარა ჩვენი ნივთები და მოსთხოვა დაბრუენბა. დოჟონი ამ მოთხოვნამ შეაშფოთა და მან განაცხადა, დე-გოლს ასეთი განკარგულების უფლება არა ჰქონდა. ეს საკითხი შინაგან საქმეთა მინისტრს უნდა გადაეწყვიტაო. გუზოვსკიმ უპასუხა, რა ნება აქვს მინისტრს თავმჯდომარის წინააღმდეგ წავიდეს, ის ხომ მას ექვემდებარებაო? თუ ხვალ გადაჭრილი პასუხი არ გაგიციათ ამის შესახებ, ტელეგრამას გავუგზავნი დეგოლს, რომ თქვენ მის ბრძანებას არ ასრულებთო. ამის შემდეგ კი დოჟანმა, რაღა თქმა უნდა, ჩაგვაბარა მთელი განძეულობა მე და გუზოვსკის, . . . მელაძისა და . ნიჟარაძის თანდასწრებით. გუზოვსკიმ დიდი ენერგიითა და მუყაითობით იმუშავა ამ საქმეში. უპირველეს ყოვლისა, თავიდან მოვიშორეთ საქმოსანი . გამოირკვა, რომ იგი დიდ სიყალბეს სჩადიოდა: დაერწმუნებინა ბოგომოლოვი, რომ განძეულობის დაცვის სამეს დაახარჯა, ადვოკატს მისცა 50.000 ფრანკი. ბოგომოლოვს ეგონა, რომ იგი ჩვენ საქმეს იცავდა ობოლენსკის ქვრივის წინააღმდეგ, ნამდვილად კი ის ადვოკატი ქვრივს ესარჩლებოდა. ვუთხარი -, ეგ დამცველი ჩვენ წინააღმდეგ გიქირავებია, საქმე წააგეთ, ამიტომ სასამარტლოს ხარჯის ანაზღაურება დაგეკისრებათ და ახლა გინდათ საამისოდ მიიღოთ 50. 000 ფრანკი მეთქი?! ეს რომ გუზოვსკიმ გაიგო, მეტად გაუკვირდა და მაშინვე ჩამოიცილა . . ., აღაფერი პასუხი არ გაუცია. მთელი ჩვენი ქონება კარგად დაცული და მთლიანი აღმოჩნდა, ერთი ნემსიც არ დაგკლებია. შევუდექით ნივთების ჩალაგებას ყუთებში, საქართველოში წამოსაღებად. 25 ყუთი გავამზადე, მაგრამ შემდეგ ავად გავხდი და ნივთების ჩალაგება შეწყდა. ამასობაში პარიზს ჩამოვიდნენ საქართველოდან გამოგზავნილი, მათ შორის პროფ. . ამირანაშვილი. იგი თბილისის უნივერსიტეტში ჩემი პროფესორობის დროს სტუდენტი იყო და, რასაკვირველია, კარგად მიცნობდა. მან მოათავა ჩემი დაწყებული საქმე - განძეულობის ჩალაგება ყუთებში. შემდეგ მოსკოვიდან მოვიდა ორი ამერიკული თვითმფრინავი, რომლებზედაც მოთავსდა მთელი ჩვენი განძეულობა. ჩვენი ავიამარშრუტი ასეთი იყო: პარიზიდან მარსელში, მარსელიდან - რომში, რომიდან - ბენგაზიში (ჩრდილო აფრიკა), ბენგაზიდან - ქაიროში (ეგვიპტე), ქაიროდან - თეირანში (ირანი), იქიდან კი - თბილისში. პარიზიდან გამოვფრინდით 5 აპრილს და თბილისში ჩამოვფრინდით 11 აპრილს 1945 წლისა. 
თბილისში განძეულობის აღწერა დაეკისრა აკად. . ჯა , თვით ნივთები კი მოთავსდა საქართველოს მუზეუმში და სამხატვრო გალერეაში.
განძეულობის . . . [წერილი დაუმთავრებელია]
ფრაგმენტი
მობონებიდან განძეულობის გატანის შესახებ
. . . .
თბილისის დატოვებაზე რომ შეიქმნა ლაპარაკი, . ჟორდანიამ თქვა, "განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და სულ ბოლოს ჩვენც წავალთ, რითაც მოგვიხერხდებაო". ერთ საღამოს გამომიცხადა, "ხვალ დილის 9 საათზე მატარებელით ქუთაისში ვგზავნით, რაც რამე მოგვეპოვება ხაზინაში, და მუზეუმის ქონებაც იმ დროისათვის უნდა მოიტანოთ სადგურშიო". მაშინვე შევკრიბე მუზეუმთა გამგეები - კარიჭაშვილი, ჯანაშვილი, ვინც მრჩევლებივით იყვნენ, ისინიც, კავკასიის მუზეუმისა და მხატვართა მუზეუმის წარმომადგენლებიც და ვუთხარი, მთავრობის თავმჯდომარემ ასე გამომიცხადა მეთქი. გადაწყდა, გაგვეგზავნა ძვირფასეულობა ქუთაისში და მერე იმის მიხედვითქცეულიყავით. თუ როგორც წარიმართებოდა საქმე. საზღვარგარეთ გაგზავნაზე არც გვიფიქრია და არც სიტყვა დაუძრავს ვისმე. მთელ ღამეს იმუშავეს და დილის 9 საათზე მართლაც გაიტანეს სადგურში. მეც გავედი და ვნახე, რომ ბევრი რამ ისეთიც ჩაელაგებინათ, რაც არ იყო წასაღები, მაგრამ რაღას ვიზამდით, უკვე დაბეჭდილი იყო ყუთები! ერთი კარგი, სანდო ახალგაზრდა კაცი [იონათამიშვილი] გავაყოლეთ მცველად და გავგზავნეთ ქუთაისში. ქუთაისის ხაზინაში მოიყარა ყველაფერმა თავი. მანამდე იქვე ჩაეტანათ გელათის მონასტრის ნივთებიც, რაც რა თქმა უნდა, დიდი უტაქტობა იყო. . ჟორდანიასაც და მაშინდელ კათალიკოზის ლეონიდესიც.  მერე კი, როგორც ცნობილია, მთელი ის სამუზეუმო ძვირფასეულობა ემიგრაციაში წასულ მენშევიკურ მთავრობასთან ერთად საფრანგეთისაკენ წავიდა და მეც ძალა-უნებურად მომიხდა ემიგრანტობა, რათა არ მოვშორებოდი ჩვენი ერის სასიქადულო კულტურულ საგანძურს, დამეცვა იგი ყოველგვარი საფთხისაგან. . . ამ საქმეს ვემსახურებოდი თითქმის სრულ მეთხედი საუკუნის განმავლობაში და, მიუხედავად მრავალგვარი გასაჭირისა და იმოდენა ხნის უსიხარულო ემიგრანტული ცხოვრების სიმძიმილისა, შემიძლია ვთქვა, რომ პირნათლად შევასრულე ეს ჩემი მოვალეობა მშობელი ერის წინაშე. საბჭოთა ხალხის ძლევამოსილებამ ფაშიზმის წინააღმდეგ სამკვდრო-სასიცოცხლო ომში შესაძლებელი გახადა ჩემი დიდი ხნის გაზნრახვის - სამუზეუმო განძეულობის საჭოთა საქართველოში, მისი ნამდვილი პატრონისათვის, ხალხისათვის დაბრუნების განხორცილება, რასაც მე ჯერ კიდევ ომამდე ბევრად ადრე ვცდილობდი და სათანადო მიმოწერაც მქონდა აქაურ მთავრობასთან, მაგრამ არ ხერხდებოდა. 
       ევროპაში კი არა ერთხელ დამდგარა ჩვენი სამუზეუმო განძეულობა ამა თუ იმ საფრთხის წინაშე. გავიხსენებ რამდენსამე ასეთ მომენტს. "ახალგორის განძის', რომელიც თავის დროზე მე გადავარჩინე დაღუპვას და კავკასიიზ მუზეუმს გადაეცა, მსოფლიოში უნიკალურ კოლექციად ითვლებოდა, ნამდვილი თვალი იყო და არის ჩვენი სამუზეუმო ქონებისა, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი შესანიშნავი ნივთია გათხრით მოპოვებული მცხეთაში, თრიალეში და სხვაგან, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ. ახალგორული ოქროვ-ვერცხლის მეცნიერული ღირებულება ყველა სპეციალისტმა კარგად იცოდა და ბრიტანეთის მუზეუმმა, მეორე მსოფლიო ომის წინა ხანებში, შუამავლად მოგვიგზავნა ინგლისელი ისტორიკოსი ალენი (რომელმაც ინგლისურად გამოსცა ქართველი ერის ისტორია, საკმაოდ დიდ და სერიოზული ნაშრომი). გვთხოვდნენ, "ერთადერთი რომელიმე ახალგორული ნივთი დაგვითმეთ ნიმუშად, თქვენივე ამორჩევით, და სამაგიეროდ მთელ განძეულსაც უსასყიდლოდ შეგინახავთ და თან რაც გამოსაცემი გაქვთ, ყველაფერს გამოგიცემთო". პირდაპირ გადარეული იყვნენ, ისე მოსწონდათ ის კოლექცია. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან შორს დავიჭირე: ვუთხარი, მე მხოლოდ მცველად ვითვლები ამ სახალხო ქონებისა და საერთოდ არც ერთი ნივთის არავისთვის დათმობაზე ლაპარაკიც არ შეიძლება მეთქი. 
       არა ნაკლებ ინტერესს იჩენდა ჩვენი კოლექციებისადმი ნიუ-იორკის მუზეუმიც. არ კი ენახათ, მაგრამ გაეგონათ, რომ კარგი მინანქრიანი ნივთები გვქონდა, ხოლო იმ მუზეუმს ადრე უკვე შეეძინა საქართველოდან ჯერ კიდევ რევოლუციამდე გატანილ-გატაცებული სათანადო ნივთები, ისე რომ ჩვენებური მინანქრის ფასი კარგად ესმოდათ.  მუზეუმის დირექტორი თითონ ჩამოვიდა პარიზში - გვარი აღარ მახსენდება, ნიაგარის ჩანჩქერზე ხიდის ამშენებელი ინჟინერი იყო. დიდძალი ფული შემოგვაძლია ჩვენ მინანქრებში, მაგრამ, რასაკვირველია, ეს მოლაპარაკებებიც ჩაიშალა. პირდაპირ ამობობდა, "ფასზე ლაპარაკიც ზედმეტია, რასაც მოითხოვთ, მოგცემთო". მენშევიკთა მეთაურების ერთ წყებას ჭკუაში დაუჯდა ეს წინადადება და უჩემოდ აწარმოებდნენ მოლაპარაკებას, მაგრამ ძალიან შევუტიე: "რა უფლებით აძლევთ ხალხის მიბარებულ ქონებას მეთქი?!" მუზეუმის დირექტორმა რომ შეიტყო ემიგრაციის გაჭირვებული მდგომარეობა, უთხრა, "იმის პირობა მაინც მომეცით, რომ სხვას არავის მიჰყიდით, თუ გადასწყვეტთ, ისევ ჩვენ მოგვყიდეთო და სამაგიეროდ დიდ სესხს მოგცემთო!" მენშევიკებს ეს მოსწონდათ და მითხრეს, "მივცეთ ასეთი ხელწერილიო!" მე ვუთხარი: "რაო? იმაზე მოვუწეროთ ხელი, რომ უპატიოსნობას არა ვიქ და სხვის ქონებას არ გავყიდი? მაგაზე, თუ გინდათ, თქვენ მოუწერეთ ხელი მეთქი!" ამის შემდეგ კი დამანებეს თავი.  ერთ რუს ემიგრანტს, არისტოკრატ ობოლენსკის ცოლად გაჰყვა დადიანის ქალი. ამ უკანასკნელს [დაქვრივებულს] რომ გაუჭირდა, გამოგვედავა ზუგდიდის სასახლიდან წამოღებულ ქონებაცე (ვერცხლეულზე და სხვ.), სახელმწიფოს რა ხელი აქვს, ჩემი ოჯახის კერძო საკუთრებაა და მემკვიდრეობით ჩვენ გვერგებაო და გვიჩივლა საფრანგეთის სასამართლოში. დიდი ორმოტრიალი ატყდა და მაგარი ბრძოლის გადახდა დამჭირდა იმ ნივთების დასანარჩუნებლად სასამართლოს ოქმების და სხვა საბუთების კარგა დიდი დასტა წამომყვა თან. დასასრულ, ჩვენ განძეულობას ძალიან საშიშრად შემოუტია ლუვრის მუზეუმმა. პირდაპირ უცნაური ამბავი მოხდა: გერმანული არმიის მიერ საფრანგეთის ოკუპაციის დროს ფაშისტებს გადავანარჩუნეთ ის ჩვენი ქონება და გერმანიის დამარცხების შემდეგ კი "დემოკრატიულმა" საფრანგეთმა კინაღამ გამოგვლიჯა ხელიდან, აქაო და ემიგრანტები, დიდი ხანია, ნამდვილ მთავრობას აღარ წარმოადგენენ, საქართველოს თავისი საბჭოთა მთავრობა ჰყავსო და მაშასადამე, ემიგრანტების მიერ მიბარებული ქონება, ამდენი ხნის გასვლის გამო, ლუვრის საკუთრებად უნდა იქცესო. შეიძლება, თავისიც კი გაეტანათ, რომ კიდევე ერთხელ არ მომეწერა საბჭოთა კავშირის მთავრობისათვის და ეს უკანსკნელიც ამჯერად უკვე ენერგიულად არ ჩარეულიყო საქმეში. . . საფრანგეთის მთავრობის მაშინდელი მეთაური დე-გოლი როგორც კი დაბრუნდა მოსკოვიდან, სადაც . სტალინს შეხვედროდა და ამ უკანასკნელს ეთქვა, სხვათა შორის, ჩვენი განძეულობის შესახებ, მაშინვე გასცა სათანადო განკარგულება და ახლა კი უკვე ულაპარაკოდ გადმოგვცეს ჩვენი ქონება, რომლის წამოსაღებად პარიზში ჩამოფრინდა საგანგებო კომისია, პროფ.. ამირანაშვილის მონაწილეობით. ჩვენი კოლექციები ომის დროს შენახული იყო ყუმბარსაფარი სარდაფის მე-4 სართულში. სათბობი ჯერ კიდევ ძალზე ჭირდა და სარდაფი გაყინული იყო. ყოველდღE იქ მუშაობაში და მინაბარი კოლექციების ისევ ჩაბავებაში გავცივდი და ფილტვების კრუპოზული ანთება დამემართა. იმ გაჭირვებაში და ყველაფრის ნაკლულობაში მარტოხელა მოხუცის ავადმყფობა მეტად საძნელო რამ იყო დროზე რომ არ ჩამოესწრო საბჭოთა კომისიას, ალბათ ვეღარც წამოვდგებოდი ცოცხალი. სასწრაფოდ მიღებული ყოველგვარი ზომების (კერძოდ, პენიცილინის შეშხაპუნების) წყალობით გამოვკეთდი, გულდაგულ ჩავალაგეთ სამუზეუმო ქონებაც, ჩემი პირადი ბიბლიოთეკა-არქივიცა და გამოვემგზავრეთ: ჩვენა და განძეულობა ჰაერით, დანარჩენი ბარგი კი - მატარებლით. პარიზიდან 1945 წლის 5 აპრილს გამოვფრინდით, ომი ჯერ კიდევ არ იყო გათავებული. ღამე რომში გავათიეთ. რომიდან შუაღამისას განვაგრძეთ საჰაერო გზა და 8 საათის შემდეგ დავეშვით ბიზერტაში. ბიზერტიდან ქაიროში გადმოვფრინდით და იქ კი 2-3 დღეს გაგვაჩერეს უამინდობისა გამო, იქიდან - თეირანში და იქაც 3 დღეს გაგვაჩერა უამინდობამ, მაღალ მთებს უნდა გადმოვვლებოდით თავს. 11 აპრილს გამოვფრინდით თეირანიდან და 7-8 საათის შემდეგ უკვე თბილისის აეროდრომზე დავეშვით. თვითმფრინავიდან რომ გადმოვდგი ფეხი, აკაკის ლექსი მომადგა ენაზე: "ცა-ფირუზ ხმელეთ-ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო!. .
. დედა-შვილობას, ბევრს არ გთხოვ, შენს მიწას მიმაბარეო!" 82 წლის მოხუცს ამიხდა დიდი ხნის ნატვრა, დავუბრუნდი სამშობლოს და დავუბრუნე მას მისი კუთვნილი განძეული. საშუალება მომეცა, ჩემს უნივერსიტეტში და ახალშობილ აკადემიაში დამეწყო მუშაობა. ოღონდ ძალზე მიკლავს გულს ის გარემოება, რომ ჩემი საცოდავი მეუღლე, ჩემი ხანგრძლივი სიცოცხლის ერთგული თანამგზავრი, საფრანგეთის მიწაში დამრჩა დამარხული". . ..

No comments:

Post a Comment