ძვირფასო გრიგოლ!
მადლობა ღმერთს, რომ ვეღირსე შენს წერილს! ამდენი ხნის სიჩუმე თუ დავიწყებას არა, არც გახსენებას გულისხმობს, მერმე ჩემს უბედურ მდგომარეობაში მას შემდეგ რაც ნინო (პოლტორაცკაია, ექ. თაყაიშვილის მეუღლე გ.შ.) დავკარგე! მაგრამ რა გაეწყობა, ამ სავალალო დროში ცოცხალი რომ ვართ ჯერ კიდევ, ისიც ნუგეშად უნდა მივიღოთ! რა თქმა უნდა, ჩვენი სამშობლო ცეცხლში იწვის, მაგრამ გადიტანს, მტკიცედ მწამს, როგორც არა ერთხელ გადუტანია განსაცდელი, კიდევ წარმოშობს, როგორც მრავალჯერ წარმოუშვია შესაფერ გმირებს, ღირსეულ შვილებს, რომელნიც მას მოუვლიან.
ჩვენ ვერ გამოვდექით ღირსეულ შვილებათ, ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნოების შემდეგ განმეორდეს. არც სამშობლოშჳ ვვარგოდით და ემიგრაციაში ხომ სულ დავიქსაქსეთ, ჯგუფები ერთმანეთს ჩასდგენიან კრიჭაში, მტრებს კი არ ებრძვიან, ერთმანეთის მოსპობა დაუსახვან თავის მიზნათ. ყველა ერთმანეთოს ლანძღვაში და გაქირდვაშჳ არის ჩაბმული. ყველა ერთმანეთს აკრიტიკებს და თავისთავად არც ერთი არ ვარგა. იმ ქაოსში, რომელშიაც ეხლა მსოფლიო იმყოფება, ყველა ქართველი რომ ერთსულოვნად ვიყვეთ, მაშინაც ძნელია დიდი შედეგების მიღწევა, თორემ ასეთ დაქსაქსულობაში რაღა სახეიროს უნდა მოველოდეთ?! რაღას უნდა მოველოდეთ იმ პირთა და ჯგუფებიდან, რომელთაც თავიანთ თავი უაღრეს პატრიოტებათ მოაქვთ და ჩვენი პარიზის ლეგაციის დახურვას, - ამ ერთად ერთ სიმბოლოს და ფაქტიურ დასაყრდნობს თავისუფლებისას, - ტაშისცემით ეგებებიან და დიდ დადებით ფაქტორად აღიარებენ საქართველოსათვის! ამ მდგომარეობაში ჩვენი მოვალეობაა ემიგრაციის ახალ თაობას მოვუაროთ, ის დავაყენოთ ჭეშმარიტ გზაზე, გამოვზარდოთ რამოდენიმე პირი მიანც, მივსცეთ მათ შესაფერი მომზადება, რომ საქმის გაკეთება შეეძლოთ და ღირსეული წარმომადგენელნი გახდნენ ერისა და მათი ბედის ხელმძღვანელნი. არც ერთ დარგში ჩვენ აქ მომზადებული კაცი არა გვყავს. ჩემი ცთა ყოველთვის ასეთი ახალგაზრდების მომზადება იყო. იქ საქართველოში მიზნათ გვქონდა ახალგაზრდობა გარუსებისაგან დაგვეცო, პატრიოტულად, ქართველად გაგვეწაფა. ამას რამოდენიმეთ მივაღწიეთ, შემთხვევითი არ არის თუ გაიხსენებ, რომ ყველა გამათავისუფლებელი კომიტეტის წევრები ჩვენი სააზნაურო სკოლის შეგიერდები იყვნენ, მაგრამ ეს საკმაო არ იყო. პოლიტიკურად დიდი მომზადებული და გამოჩენილი პირები ვერ შევქმენით, უსახსრობის და სხვა მიზეზების გამო. ეს ნაკლი უნდა გამოსწორდეს, აქ უნდა თავი მოვუყაროთ და გზა მივსცეთ ნიჭიერ ახალგაზრდებს, მტკიცე ხასიათის პატრონთ, და ყოველ დარგში ვიყოლიოთ საკმაო უაღრესად მომზადებული პირები. ამიტომ მე სიამოვნებით მივიღე მონაწილეობა ალექსი მდივანის მოწვევით მისგან დაარსებულს სასტიპენდიო კომიტეტში და თუ ეს საქმე მან შესძლო და ჯეროვანად დააყენა, დიდი საქმე იქნება. კომიტეტს უკვე ჰქონდა სხდომა და 72 თხოვნაში ამოარჩია კანდიდატები, რომელნიც შეეფერებოდნენ რეგლამენტს თვით მდივნის დასწრებით და მონაწილეობით სემოშავებულს, ესე იგი წესდებას, და წარუდგინა მას ამერიკაში მისი თხოვნის მიერ. სიაში სულ 28 კანდიდატია, ამდენს, რასაკვირველია, სტიპენდიას ვერ მისცემს ჯერჯერობით მაინც, მაგრამ 15-საც რომ დაუნიშნოს, ესეც დიდ, დიდ საქმედ უნდა ჩაუთვალოთ. სტიპენდია ჯერხანად მარტო საფრანგეთის მოსწავლეთათვის არის დაწესებული და ამიტომ გერმანელი სტუდენტები სიაში ვერ მოექცნენ, მაგრამ ზოგიერთ პირთათვის, რომელთაც კურსი დაუმთავრებიათ და დოკტორატის თეზის დასაწერათ ანუ უკეთესთაგან დასაბეჭდათ თანხა არა აქვთ. ამათთვის ცალკე გამოვითხოვეთ საჭირო ფული, და დამაარსებელზეა დამოკიდებული იკისრებს თუ არა (ასეთები გერმანიიდან ოთხი კაცია: ჩხენკელი, გელაზანია, იმნაიშვილი და წულუკიძის მეუღლე). ამ რიგათ შენი კანდიდატი დიმიტრი კაკაბაძე ჯერჯერობით სიაში ვერ მოხდება და მომავალში, რა თქმა უნდა, ვიშვამდგომლებთ, საქმე სტიპენდიის დამაარსებელზე იქნება დამოკიდებული.
კარგი საქმე განგიზრახავს, - შეგროვება დიასამიძის გვარეულობის დოკუმენტებისა. ეს გვარი ხომ სამცხე - საათაბაგოდან არის მოსული. ხშირად იხსენიება ამ მხარის უკანასკნელ დრამაში, მე-XVI საუკ. ეგრეთწოდებულ მესხურ ხრონიკაში (გამოცემულია ჩემ მიერ სამს ისტორიულ ქრონიკაში ქართულად და რუსულად პოპეჩიტელის კრებულში: Сборник мат. По опис. Мест. Племен Кавказа, вып. XXVIII), ”ქართლის ცხოვრებაში”, მეორე ტომში, ”პარიზის ქრონიკაში”, ბროსეს გამოცემა (მაგრამ იქ მესხური დავითნის ქრონიკიდან არის შეტანილი), სიგელ-გუჯრებში და სხვა. რაც შეეხება მასალას, რომელნიც დეპუტუტთა საკრებულოდან არის გამოტანილი, ეს უნდა დაუბრუნდეს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას, რომელსაც თავადაზნაურობამ გადასცა მთელი თავისი არქივი ჩემს დროს. ეს საზოგადოება ერთ-ერი საზოგადოება არის, რომელიც ახალ ხელისუფლებას არ მოუსპია, ივ. ჯავახიშვილია თავმჯდომარე და იქ ხშირად, როგორც ჩემს დროს, მოხსენებები იმართება. ერთი-ორი შრომა გამოსცეს კარგი და სხვა ვერა უსახსრობის გამო. მუზეუმი უნივერსიტეტიდან დიდ მუზეუმში გადიტანეს, მგონი არქივიც იქ ინახება, ან შეიძლება სპეციალურ არქივში მოათავსეს, ასეთიც არსებობს და რამოდენიმე გამოცემაც აქვს. მე აქ ვაგროვებ ხელნაწერებს სიგელ-გუჯრებს და ნივთებს მუზეუმისათვის, იქ საქმე ამ დარგში არ შეწყვეტილა, დიდი მუშაობა სწარმოობს ძველი პროფესორების და იმ ახალგაზრდათა დოცენტების მოღვაწეობით, რომელნიც ჩვენ დავსტოვეთ.
ამიტომ კარგი იქნება, თუ შენ ყველა დოკუმენტების პირებს გადიღებ შენთვის და დედნებს გამომიგზავნი, რომ აქ შეგროვილი (უცხოეთში) მასალა ერთად იყოს და მოხერხებულ დროს მივაწოდოთ ჩვენს მუზეუმს. ისე ნუ წარმოვიდგენთ, თითქოს საქართველო აღარ არსებობდეს. არა! საქართველო მაინც იქაა და მუშაობა არ შეწყვეტილა. თუ შეადარებ თეიმურაზ ბატონიშვილის მიერ გადაწერილს ლექსიკონს ნაბეჭდს და განსხვავებებს აღნიშნავ, კარგი საქმე იქნება. იქნებ ბედმა გაგვიღიმოს და აქ მოვახერხოთ ზოგიერთი დოკუმენტების დაბეჭდვა. მე აუარებელი მასალა მაქვს დასაბეჭდი აქაც, უმეტესი, რასაკვირველია, იქ დარჩა, და აგრეთვე ალბომები და იქნებ რამე მოვახერხო. ვგონებ, ეწყობა საქმე. დაპირება მაქვს და ვნახოთ, თუ მალე ბოლო არ მომეღო, იქნებ შევსძლო და ზოგი რამე გამოვსცე. ამის შესახებ სხვა დროს. დახმარებაზე მწერ მასალების და ცნობების მოწოდებით მაქედან და ამიტომ გავალებ: შემიტყო მაქ რომელ სამეცნიერო დაწესებულებაშია შეგროვილი ერმაკობის ფოტოგრაფიები სიძველენიდან, ზოგიერთი მაკლია და თუ გამოგზავნა არა, გადმოღება მაინც შესძლო იქნება, ნამეტნავათ შემიტყვე გელათის ხახულის ხატის და სხვა ნივთების ფოტოგრაფიები სად შეიძლება იყოს, და რა საკვირველია, სხვა ბევრიც, რაც მაქ მოიპოვება. ეს მეკელაინს ეცოდინება და შენ სია შეუდგინე თუ სად რა სურათები არის. აგრეთვე მაქ რომ გამოფენა იყო მოწყობილი გ. ჩუბინაშვილის მიერ და ჩემი ექსპედიციის (თორთუმ-ისპირში) მიერ გადაღებული გეგმები ეკლესიებისა, იქნებ ამ გეგმების ფოტოგრაფიული სურათებიმოიპოვება მაქ, ან სადმე გამოსცეს, ეს შემიტყვე და მაცნობე. მაკლია ოშკის ეკლესიის განაკვეთი, მეორე სართულის გეგმა და აღმოსავლეთის ფასადი. გ. ჩუბინაშვილს ვსთხოვე, მაგრამ ჯერ დამპირდა და შემდეგ მომატყუა. მაქ გამოვიდა რაიმე მისი შრომა? მე მწერდა მალე გამოვა ერთი ტომიო. მას აქეთ უკვე სამი წელიწადია. გაზეთის გამოცემას თავი დაანებე, სად შეგიძლია შენ ღატაკს ამის ფასი გაიღო, თუ რამე იშოვო თავს მოახმარე, იწამლე, მაქ კარგი მკურნალებია იმისი (შენ რომ ავადმყოფობას იწერები). მე ჯანზე დიდათ დასუსტებული ვარ, ვეღარც სიცივეს ვიტან და ვეღარც სიცხეს. ეხლა აქ სასტიკი ზამთარია, სამი კვირა ლოგინში ვიყავი, ეხლა უკეთ ვარ, მაგრამ სახლიდან ვერ გამოვდივარ, სახლშიც ცივა, მოწყობილი ვერ ვართ. ესაა, რომ პური არ გვაკლია ჯერჯერობით და ესეც ბედნიერებაა, შედარებით საქართველოს მდგომარეობასთან. ჩემი ძმა, ღენერალი, მწერს - შაქრით და თეთრი პურით ჩაის დალევა ჩვენთვის იდეალი არისო. იძულებული ვარ, ჩემი წვლილი ხან და ხან მას გაუყო და ეს მისთვის აღდგომის კვერცხია. ნინოს პორტრეტი დიდი არა მაქვს, აქ არ გადაუღია, ხოლო პასპორტებისათვის რომ კარტიჩკებს გვთხოვდნენ, ის მაქვს უკანასკნელი და იმას გამოგიგზავნით შენ და ლოლას. ნინოს შემდეგ სულ უპატრონოთ ვარ დარჩენილი და შენ წარმოიდგენ რა მდგომარეობა მექნება ამ მოხუცებულობაში მარტო ყოფით, მომლელი არა მყავს. აქ არ არიან ცუდი მეზობლები, მე ვერავის დავემდურები, მაგრამ ყველას თავის საქმე აქვს, ყველა დღიან-ღამიან მუშაობს. უამისოთ თავს ვერ ირჩენს, ზოგნი ავათმყოფები არიან, თავის მოვლაც უჭირთ და სხვას რა უნდა უშველონ, ყველა დიდათ შევიწროებულია მატერიალურად. ჩვენი საღსარი დღითიდღე კლებულობს; მე ვშჴნილობდი წინეთ სამუშაოს, კორრექტურას, ტექსტების გადაწერას, ლექსიკონისთვის მუშაობას და ეს მიწყობდა ხელს. ეხლა კრიზის გამო თითქმის ყველაფერი მომესპო, ხოლო ზოგჯერ იშვიათად ვშოვნილობ. ნინოს ძმა ცოცხალია, მაგრამ ახირებული კაცია, იშვიათათ მოდის ჩემთან, პარიზიდან დაძვრა ეზარება, ისე კარგათაა, ჯამაგირი აქვს და ასე თუ ისე გაჭირვებით ყოფნის. საქართველოდან მოგდის ამბავი? შენი ძმის ცოლი ზოგჯერ ღამბაშიძის ქალებს სწერს წერილს. ისინი შედარებით უკეთ უნდა იყვნენ მატერიალურად. მოკითხვა ლოლას და სხვებს ნაცნობებს და მეგობრებს. იყავით კარგათ, თავს მოუარეთ, გულს ნუ გაიტეხთ, არ არის უბედურება, რომელმაც არ გადაიაროს!
შენი ექ. თაყაიშვილი
P. S. ლადო (ახმეტელი, დამოუკიდებელი საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიაში, გ. შ.) მომიკითხე, რასა იქს, როგორ არის, აქვს რაიმე სახსარი? დიდათ მინდოდა გერმანიის და ბერლინის ნახვა, მაგრამ ვერ ვახერხებ. იქნებ ვინმეს მაქ ქართული ბიბლია ჰქონდეს, ან მოსკოვის გამოცემა, ან მხედრული გამოცემა ტფილისისა, დიდათ ვსაჭიროებთ და აქ ვერ ვშოვნილობ, მეკელაინს რომელი გამოცემა აქვს?
ე. თ. ”
პირადი
წერილები
(ნიკო
მარს,
იოსებ
მეგრელიძეს,
ვუკოლ
ბერიძეს)
ექვთიმე თაყაიშვილის სამი ბარათი ნიკო მარისადმი
16თებერვალი
1900წელი (თბილისი) ძმაო ნიკო! შენი წერილის პასუხი დაგიგვიანე ჩემ ცოლს ბიძა მოუკვდა,რომელიც მთელს სახლობას ინახავდა და თვითონ ცოლიც ავათ მყავდა,ეხლა მოიკეთა.შატბერდის კრებულის გამოგზავნა გადავაწყვეტიე საზოგადოებას,მაგრამ მე მოუცლელობით,ვერ გავათავე ჯერ სამი ხრონიკის რუსული გამოცემა და ვეცდები გავათავო აპრილამდის და როგორც გავათავებ მაშინვე გამოგიგზავნი.ნუ დამემდურები,რომ დაგიგვიანე ეს შრომა ცოტა გადადევი.რაც შეეხება ამირან-დარეჯანიანს,მე ყველა ხელნაწერები აღწერილი მაქვს კატალოგს რომ ვადგენდი მაშინდელი ეხლაც გავსინჯე.ნომერი 1623 ერთი ხელით არის თავიდან ბოლომდის გადაწერილი,მაგრამ სრულებით არსაიდან ჩანს ,რომ ძველი დედნიდან იყოს გადაწერილი.ბოლოს მინაწერი სწორათ აქვს ჯანაშვილს,გარდა მესამე სტრიქონისა,რომელიც იკითხება ასე: „ჰხმობენ მწერალნი,არ თქმულ არს ცისა ღრუბლის არ ქონაი “. მაგრამ ჯანაშვილის მოყვანილი თავები,ვითომ გილარიანისა რომ ეჭვს გარეშე ყალბია ამის დასამტკიცები საბუთი თვით ხელნაწერშია, ყალბ მეთორმეტე თავს განძის აშიაზე ტექსტის ხელით,ასეთი მინაწერი აქვს:„ქ.ვინცა სწერდეთ,ამ ამბავს ნუ დასწერთ.ეს წიგნის მთქმელისა არ არის. ვიღაცას ცრუს ქრცხინვალელს(მიუწერია)“.სხვა აშია აქ წაჭრილია.მაგრამ სამაგიეროდ,ამ გვარივე ფრაზა დამთავრებულია მეცამეტე კარის შენიშვნაში.იქაც გვერდზე უწერია:„ქ.ნურც ამას დასწერთ. ესეც იმ ცრუს ქრცხინვალელს კაცისაგან არის ნალაყბი და მოგონილი“.აქიდამ ცხადია, მოხსენებული თავები ყალბია ეს იმითაც მტკიცდება,რომ სხვა უძველეს ვარიანტებში ეს თავები სრულიად არ არის.სხვა არავითარი მინაწერი არა აქვს ჩვნს დედანს.ეს მინაწერები ჯანაშვილმა აღარ მოიხსენა.რატომ? შენ გამოიკვლიე.რაკი მე ყველა ხელნაწერების ცნობა მაქვს შეკრებილი,მინდა ცოტა შენიშვნა დავსწერო მოამბეში ან სღვაგან ამ ხელნაწერების შესახებ და შესახებ ყალბი დილარიანისა,სხვათა შორის,საზოგადოებას აქვს პეტერბურგში გადაწერილი,ვგონებ ოქრომჭედლიშვილის თაოსნობით,ეგზემპლიარი.ეს ეგზემპლიარი შედარებულია აკადემიის ვარიანტთან და აქა იქ აღნიშნულია,როგორ არის აკად.ვარიანტში.ეტყობა,გადაწერილი სხვა დედნიდან არის და ეს ორი ყალბი თავიც არის შით,მაგრამ მეორე თავის ბოლოს,გვერდზე უწერია აკადემიის ვარიანტში არ არისო,მაგრამ ვინაიდან აქ რაღაც ნიშანი არის,არ ვიცი მარტო ბოლოს ეხება ეს შენიშვნა თუ მთელ თავს.მადლობელი ვიქნები,თუ მაცნობებ,რამდენი და როგორი ხელნაწერია პეტერბურგში. ნიკო,პირველი ხელ ნაწერი ზემოთ გარკვევით არ წერია და აქ კიდევ მოვიყვან: „ქ.ვინცა სწერდეთ,ამ ამბავს ნუ დასწერთ.ეს ამ წიგნის მთქმელისა არ არის.ვიღაც ცრუს ქრცხინვალ...“შენი სტატია მივიღე.აქ დაბეჭდილი სტატიის ოტტისკიც გამომიგზავნე უსათუოდ,როდესაც მიიღო. ეს უკანასკნელი სტატია აქ ძლიერ მოეწონათ ყველას.ჩახრუხაძეს როდის დაბეჭდავ?მართლა ნიკო როგორ გესმის შენ ჩახრუხაძეს ფრაზა (კაეპე5):მოუბარისა მის მდუღარისა დილარგეთისაგან ახშპოთებულად.ნუთუ ისეთი შინაარსის იყო დილარიანი რომ აღაშფოთა თლამარი?სახელი პოემისა უნდა დილარგეთიანი იყოს და არა დილარიანი.ძალაინ მიკვირს როზენის საქმე.მაქ თუ ასეთი ინტრიგები და სიუპატიოსნეა,სხვაგან რაღა გვიკვირს!კაცი თურმე ყველგან და ყოველ შემთხვევაში მოუსვენარი და ინტრიგანია.შენ მაინც პოზიცია არ გაიფუჭო უნივერსიტეტში ცოტა ფრთხილად იყავი. მომიკითხე გულითადად შენი მუღლე ჩემ და ჩემი ცოლის მაგიერ და გიორგის მიკოცნე. შენი ძმა ე.თაყაიშვილი.
პ.ს. ნიკო გეთაყვა ,შემიტყვე და მალე მომწერე,აკადემიის ხელნაწერი შეიძლება კიდევ ვითხოვოთ,რომ სამი თვით ან მეტით კიდევ დაარჩინონ ჩემთან.მარიამის ბეჭვდვას ცოტა აკლია,მაგრამ აქაური ტიპოგრაფიის წყალობით,კიდევ არ მაქვს იმედი,მალე გათავდეს.შენი ჭირიმე,ლემს მოელაპარაკე და მითხოვე მომიხერხოს,კიდევ დამიცადონ.ლემის სტატიის გადმოთარგმნას შენ რომ დამპირდი რათ არ გადმოთარგმნე.ლაპატინსკის ნათარგმნი რაღაც არეულიდან შემოკლებულია მე მგონია არც თეოგნოსტა არის ნამდვვილი სსახელი ჩვენი განმანათლებლისა ე.თ.
ძმაო ნიკო! 16.11.1903 (ტფილისი) ნემესიოს, წიგნს , ხელნაწერს გიგზავნი,რათა ისარგებლო შენი მოხსენებისთვის და ორი კვირის შემდეგ დამიბრუნო; ტექსტს მე ვბექდავ კატალოგში. ამასთანავე, მაგის ლიტერატურის შესახებ მაცნობე, თუ რითი შველის ბერძნული ტექსტის აღდგენას. მე მაგის გამოცემა პროფესორ ტეგას დავპირდი და მას შემდეგ ვეძებ ხელნაწერებს. ორი კიდევ სხვა ვიპოვე,ერთი ხუცური და ერთი მხედრული. ტექსტის შედარებამ დამარწმუნა, რომ სამივე ხელთნაწერი ერთი მეორისაგან არის გადმოწერილი, ყველა ერთ და იმავე ფრაზაზეა შეწყვეტილი და განსხვავება ტექსტში არ არის. გრადაცია ასეთი მგონია: ხუცური ხელთნაწერიდან, რომელიც ეხლა მე მაქვს, გადმოწერილია ეს, შენ რომ გიგზავნი, და ამისგან მხედრული. ა.
ხახანაშვილმა ითხოვა ეს ხელთნაწერი და ეცნობა, რომ მე ვბეჭდავ და ამიტომ ვერ გავუგზავნეთ. ტფილისში მე ნემესიოს შესახებ ცნობები ვერ ვიპოვე, მხედრულს ხელთნაწერში სწერია, პომ ეს პეტრიწის გადმოთარგმნილიაო... ნიკო, შენი ადონცი მე ავაზაკურათ მომექცა პატივისცემისათვის. ხელნაწერის ჩვენება მთხოვა, ვაჩვენე, წავუკითხე და ავუხსენი. მერე ერთი დღით მთხოვა სახლში, ვათხოვე და იმ დღიდგან აგერ მეექვსე თვეა, ხმას აღარა მცემს და არც ხელნაწერს მიგზავნის. და მერმე ვის ხელთნაწერს? წერა-კითხვის საზოგადოებისას. შენი ჭირიმე, ნიკო, ერთ ხათაბალას გადამარჩინე გამოაგზავნინე.
ასე უსირცხვილობაც არ შეიძლება.
ნიჟარაძეს გიგზავნი პეტერბურგში ეკზამენების დასაჭერათ და გთხოვ ყოველი ღონე იღონო და როგორმე „ატესტატით“გამოამგზავრო. მე მგონია, ეხლა მაგას უფრო დავიწყებული აქვს კურსი, ვიდრე გამეორებული, მიიღონ მხედველობაში ის ბალები, რომელნიც წინანდელ ეკზამენებზე მიიღო. არხელოგიის შესახებ ცალკე მოგწერ. ეხლა შემიძლია გაცნობო, რომ პირველი ნორმისათვის ზარზმის წარწერებს მოგაწვდი, ძლიერ ბევრია ფრესკის წარწერები. აქ რეფერატი წავიკითხე, მაგრამ ის ხომ მარტო წარწერებს არ ეხება. ამას გარდა, სხვა შემოწმებულ წარწერებსაც გამოგიგზავნი, მაგრამ ენკენისთვემდის არა მგონია, რომ შენ საქმეს შეუდგე. ბიბლიოგრაფიას ენკენისთვის ვფიქრობ მომზადებას, საზოგადოდთ კი აღარაფრისთვის არ მცალია მანდამაინც.
ხანძთელის დაბეჭდილი ტექსტი მომაწოდე ოტტისკებით წიგნის გამოსვლამდე.
ნინომ და ჩვენებმა შენ და შენს მეუღლეს სალამი და ჩე(მ)მაგიერადაც მოკითხვა გადაეცი.
იურის ჯანჯუხას უგზავნი ცოტას, თუ ნიჟარაძემ წამოიღო. სხვაფრივ ჯერ მშვიდობით, ამ წერილს საჩქაროთ გწერ.
პ.ს. მომცემლიძეს ფული ჯერაც არ მიუღია და მე შევიტანე ზალოგი, ის გაჭირვებულია და მიტომ შეგაწუხა, მე კიდევ შემაწუხა. ერთი ფურცელი ტექსტისა დარჩენილა აქ ჩემთან და გიგზავნი ამასთანავე. ხელთნაწერი „ ზაკაზნოი“ ბანდეროლით გაოგზავნე, არ დაიკარგოს, ერთ ხათაბალას არ შემამთხვიო, ოფიციალურად რომ გეთხოვა, არ გამოგიგზავნიდნენ ამ ხელთნაწერს. კატალოგის მეორე წიგნაკს გიგზავნი, მესამე დაბეჭდილია და შეიცავს მარტო 144 გვერდს.მეგრელიის ქართლის ცხოვრების ვარიანტშია შით მოქცეული. შენი ძმა ექვთიმე
ძმაო ნიკო!
პარიზი, 10.06.1928 პირველად გულითადი მოკითხვა შენს მეუღლეს და შენ ჩვენ ორთავეთაგან. წავიკითხეთ ტფილისის გაზეთში თქვენი იქ ყოფნის ამბავი. ეხლა ჩემი თხოვნაა: უთუოდ დამიბრუნოთ ყველა ჩემი სტატიები და მათი სურათები, რომელნიც ამდენი წელია თქვენთან არი და საკმაოდაც დამძაღდნენ. ზოგი მასალები უკვე გამოაქვეყნეს სხვებმა ტფილისში და ეს ბედი მოელის სხვებსაც. შრომა იმისთვის მივიღე, რომ პრიორიტეტი გამოქვეყნებისა მაინც შემრჩენოდა. თუ სტატიები ტფილისშია გაგზავნილი, გთხოვ საჩქაროდ გამოითხოვო უკან და დამიბრუნო.
როდესაც შენი სტატია იყო აქ უშედეგოდ დარჩენილი, თუმცა ეს მე პირადად არ მეხებოდა, მაგრამ შენის თხოვნით მივიღე ყველა ზომები და გამოგიგზავნე, ხოლო ჩემი სტატიები პირადად შენ მოგაწოდე და რაკი დაბეჭდვა არ ეღირსა,რასაკვირველია, გარემოებათა მიხედვით, ამას შენ კი ვერ გისაყვედურებ ვერას გზით, მხოლოდ უფლებას ნუ წამართმევ რომ უკან დავიბრუნო და განმეორებით გთხოვ მომაწოდო გრაფენის მისამართით. ამას გარდა , ალექსანდრა ალექსეევნას ვთხოვე, როგორც იცი, წიგნების მოწოდება. მისი„აკურატნობა“ მე კარგად ვიცი და არა ერთხელ ვყოფილვარ მათგან დავალებული, მაგრამ ეხლა, როგორც ეტყობა, არც ეს ხერხდება. რა გაეწყობა, ბედი უბედო ჩემზედა არ ახალია, ძველია! შენთან შემდეგი სტატიებია: 1)ვანის ეკლესიის სიძველეთა აღწერა, 2) სოფელ ჩანგლის ეკლესიის აღწერა და ფრაგმენტი ერთი ქართული ხელნაწერისა, ამსვე აქვს დართული შენიშვნა, 3) პიტარეთის მონასტერი და მისი წარწერიანი, 4) ორი ეკლესია სოფელ ტანძიაში, 5) მდებარეობა სოფლისა და მონასტრისა თევდორწმიდისა,6) ციხე და ეკლესია სოფ. ქვეშში, გზავნილი ქონთან შენთან ვერცხლის დოქი მეფე გიორგი III; ამას გარდა დიდი ხანია გამოგზავნილი მქონდა შენთან სომხური წარწერაბის ფოტოგრაფიკული სურათები სასაფლაოს ქვებისა ჩანგლში და ეკლესიისა ფანასკერტში. როგორმე მინახე და დამიბრუნე, ადრეთვე ფოტოგრაფიულად გადაღებული მთელი კარის გარიგების ტექსტი. იყავით კარგათ და ბედნიერათ! და ნუ დაგვივიწყებთ.
ე.თაყაიშვილი
ექვთიმე თაყაიშვილის სამი ბარათი იოსებ მეგრელიძისადმი
ბ-ნო იოსებ,დიდად გმადლობ წიგნებისათვის.
გაახლებ ექვს ჩემს ბროშურას. ავალიშვილს და ზავრიევს გავუგზავნე თქვენი „ნაროდნიე პრედანია ო შოტა რუსტაველი.“ ზურაბს მივსწერე მისი წიგნის „ ვეფხისტყაოსნის საკითხები“-ს შესახებ; თუ გამომიგზავნა, გაახლებთ. დეეტერსის ქართული ზმნები მე არ მინახავს და არც ვიცი, სად იშოვნება. ფოქტის ახალი გრამატიკა ვიცი, რომ გამოვიდა მაგრამ ჩემთვის არ გამოუგზავნია; მოვიკითხავ, სად იყიდება და როცა ვიპოვი, გამოგიგზავნით. მოკლე დროში გაახლებთ კიდევ ჩემს „არქეოლოგიურ ექსპედიციას ლეჩხუმ-სვანეთში“.
თქვენა გთხოვთ , საიუბილეო გამოცემა „ვეფხისტყაოსნისა“ მომაწოდოთ უსათუოდ. ტფილისიდან აღარაფერი მომდის. ტფილისის მუზეუმის „მოამბე“ მარტო რვა წიგნი მაქვს, უნივერსიტეტის „მოამბე“-ათი „იზვ.კავკ.არხ.ინსტიტუტა“- ოთხი.
რაც მეტია გამოსული ამ სერებისა, საჭიროა ჩემთვის, თუ შესძლებთ გამოგზავნას სასწრაფოდ გაახლებთ საჭირო წიგნებს, გინდ ღირებულება. შემიძლია გაახლოთ მეორე და მესამე წიგნი Gეორგიცა- სი, თუ გსურთ. ჩემი სტატიების „ოტტისკები“ ამ ტომებიდან არ აღმოუბეჭდავთ. თქვენი გურიის ტერიტორიის და მოსახლეობის გამოკვლევა ფრიად კარგია.
მე არა მაქვს კონტაქტი აქაურ გამომცემლებთან, იშვიათად ვარ პარიზში და წელთა გამო უძლურებას განვიცდი. ნ.მარისადმი მიძღვნილი საიუბილეო ტომი XlV არა მაქვს. სალამი ჩემგან ალ. ქალბატონს მარრს. პატივისცემით ე. თაყაიშვილი. 11.06.(1938)
N-2
ბ-ნო იოსებ, მივიღე „პამიატნიკი ეპოხი რუსტაველიჩ“ (ლენინგრადი,1938) და თქვენი ღია წერილი. უღრმესი მადლობა. მშვენიერია ი. ორბელის წერილი რუსთაველზე. გადაეცით ჩემი სალამი; მოთხოვეთ , მისი ნაწერები გამომიგზავნოს. გაახლებთ „ექსპედიციას ლეჩხუმ-სვანეთში.“ფოქტის ქართული გრამატიკა არ აღმოჩნდა გასასყიდად პარიზში.ეს მაცნობა ზ.ავალიშვილმა.ის მისი ცოლის ნათესავია. ოსლოში მივსწერე ნაცნობთ; თუ მივიღე, გაახლებთ. გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, განსვენებულის ნ. მარრის არქივში უნდა იყოს ჩემ მიერ მისდამი გაგზავნილი ფანასკერტის ერთი ეკლესიის სომხური წარწერა და აგრეთვე სასაფლაოს ქვის წარწერები ჩანგლის ეკლესიისა. მე გაუგზავნე და არ დაუბეჭდია. თუ იპოვით, ბ-ნ ორბელს გადაეცით. ზურაბის წიგნი მიღებული გექნებათ.
პატივისცემით ე. თაყაიშვილი
P.S. დიდად საჭიროა ჩემთვის თბილისში გამოსული რუსთაველის დროის მატერიალური კულტურა. თუ იშოვით, მეტად დამავალებთ.
N-3
ბ-ნო იოსებ, გამოუთქმელი მადლობა „ვეფხისტყაოსნისათვის“. დიდად ვაფასებ ჩემი სიყრმის ამხანაგის და მეგობარის ნიკო მარის ღირსეული შეგირდის ჩემდამი ყურადღებას. უნივერ მოამბე IX მაქვს, მაგრამ როგორ წარმოვიდგენდი, რომ ს. მაკალათიას წერილი სარჩევში გამოშვებული იქნებოდა.
სუყველა ტფილისის გამოცემების სარჩევები გადავათვალიერე და არ აღმოჩნდა. სიბერის გამო ხსოვნამ მიკლო. ფოქტის წიგნს ველი ამ დღეებში, დეეტერსის წიგნი დავიბარე.თუ მივიღე, გაახლებ.
ჩემთვის ეხლა ყველაზე უფრო საჭიროა „რუსულ-ქართული ლექსიკონი,“ ტფილისის გამოცემა, 1937წლის გთხოვთ, მომიხერხოთ მოწოდება და ხარჯს აგინაზღაურებთ. თბილისში ოროდიო სონღულაშვილს მიმართეთ (მასკოვსკაიაN-4) და ის მოგცემთ ზოგიერთ ჩემთვის საჭირო წიგნებს. ალბათ, თქვენ მოგიხდებათ ზაფხულში საქართველოში ჩასვლა.მიიღეთ ზომა ახალგაზრდა მეცნიერებმა, რომ გამოსცეთ „მოკლე ქართლის ცხოვრება, “ რომლიდანაც სომხური ტექსტია ნათარგმნი (ივ. ჯავახიშვილს აქვს); მასვე აქვს მეორე „ქართლის ცხოვრება,“ რომელშიაც სომხური ტექსტია ნათარგმნი(ივ.ჯავახიშვილს აქვს);მასვე აქვს მეორე „ქართლის ცხოვრების გაგრძელება“, პომელშიაც თამარ მეფის მეორე ისტორიკოსის ტექსტია და ვახტანგის კომისიის შეუსწორებელი „ქართლის ცხოვრების“ გაგრძელება.
ეს ტექსტები პირველ რიგში უნდა გამოიცეს.
ეს ხელნაწერები უნიკუმებია და მიუტევებელია, რომ ამდენხანს გამოუცემელი რჩება. პატივცემულ ივანეს ტექსტების გამოცემა, ეტყობა, არ ეხერხება. თქვენ მიიღეთ ახალგაზრდებმა თავის თავზე. ნუ უცდით აღდგენილ ტექსტებს. აღდგენა საჭიროა, მაგრამ ესეც ხშირია, რომ აღმდგენელი ზოგჯერ ამახინჯებს ზოგიერთ ადგილებს დედნისას. მარიამ დედოფლის ტექსტის აღმდგენელის მაგალითები წინ გვიძევს. მადლობელი უნდა ვიყოთ, რომ დონდუამ მოგვცა რუსული თარგმანი თამარის მეორე ისტორიკოსისა.
სამწუხაროდ, საიუბილეო „ვეფხისტყაოსანი“ არ არის მეცნიერული გამოცემა, გარეგნულადაც გაცილებით ქართველიშვილის გამოცემა სჯობია.
ბევრი ყალბი ადგილებია შით დატოვებული, ზოგი შესწორება ტექსტს ამახინჯებს. კრიტიკული ტექსტი უნდა გამოიცეს. პატივისცემით ე. თაყაიშვილი.
ექვთიმე თაყაიშვილის ბარათი პროფესორ ვუკოლ ბერიძესთან 9 აპრილი 1935 წელი ეხლა მდგომარეობა ძირიანად შეცვალა, ნივთები უპატრონოდ არის გამოცხადებული. Mმე აღარა მაქვს საშუალება და უფლება ნივთების დაცვასა და ჯეროვნად შენახვას მეთვალყურეობა გავუწიო, ნებაც რომ მქონდს, ფიზიკური მდგომარეობა არ მაძლევს საშუალებას, მოვხუცდი, ფეხიც დამიშავდა, ძლივს დავდივარ. დღეს ვარ, ხვალ აღარ ვიქნები და ჩემთვის მეორე სიკვდილი იქნება, თუ ის ნივთები ან მისი ნაწილი დაგვეკარგება; თქვენ უწყით, თუ რა წილი მიდევს მე მათ შეკრებაში და მათი დღევანდელი მდგომარეობა მტანჯავს, ვერ დავმშვიდდები, მანამ ის ნივთები საქართველოს არ დაუბრუნდება და მუზეუმს არ ჩაბარდენბა. ეხლა მე საფრანგეთის მთავრობას მოხსენებას ვუდგენ, რომელშიაც ახსნილია ყოველი გარემოება ამ ნივთებისა, ესე იგი: 1) რომ ეს ნივთები ევაკუაცია ქმნილია საფრანგეთის ყოფილი ელჩის რჩევითა და დახმარებით. 2) რომ ეს ნივთთები შეადგენენ საკუთრებას არა მათ მიერ ცნობილი მთავრობისა, არამედ კერძო მუზეუმებისა, საისტორიო და საეთნოგრაფო საზოგადოებისა, საეკლესიო მუზეუმებისა, სამხატვრო გალერეისა და საქართველოს მუზეუმისა.
3) რომ ეს ნივთები მხოლოდ შესანახად ჩაბარებული ჰქონდა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას და მეთვალყურედ მე ვიყავი დანიშნული.
4) რომ ეხლა, როდესაც აქ საქართველოს მთავრობის საელჩო მოხსნილია, რომლის სახელზე ნივთები ინახებოდა ბანკში, ის ნივთები უნდა დაუბრუნდეს თავიანთ პატრონებს, ესე იგი საქართველოს მუზეუმებს, მით უმეტეს, რომ ამ მუზეუმების გარშემო და საქართველოს უნივერსიტეტშო ეხლა ინტენსიური სამეცნიერო მუშაობა წარმოებს და მკვლევარნი მოკლებული არიან საშუალებას ისარგებლონ ამ ნივთებით. მოხსენიებული იქნება აგრეთვე, რომ ამჟამად საქართველოში მუშაობენ რუსთაველის იუბილეის გადახდისათვის, ამზადებენ მისი პოემის სამეცნიერო გამოცემას და სამი საუკეთესო ხელნაწერი რუსთაველის პოემისა აქ არის წამორებული. აგრეთვე მოხსენიებული იქნება, საბჭოების ხელისუფლებამ დაუბრუნა საქართველოს ყველა სამუზეუმო ქართული ნივთები, რომელნიც, წამორებული იყო რუსეთში. ეხლა აუცილებელად საჭიროა, ამ ჩემს მოსენებას დაერთოს თქვენი, ესე იგი საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების ხმაც და შუამდგომლობა და მუზეუმების საბჭოების მოთხოვნა საფრანგეთის მთავრობისაგან, რომ მათ დაუბრუნდეს მათი კუთვნილი და შესანახად წამოღებული ნივთები. მართალია, წერა-კითხვის და საეკლესიო მუზეუმები ეხლა გადაცემულია უნივერსიტეტისადმი, როგორც მათი კანონიერი მემკვიდრე: საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, სამხარვრო გალერეა სა საქართველოს მუზეუმები არსებობენ და მათმა გამგეობამ უნდა აღძრან შუამდგომობა. გთხოვთ, ეს წერილი გააცნოთ საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლებას და დაინტერესებულ მუზეუმებს და დაწესებულებათ და რამდენადაც შეიძლება დაჩქარებით წარმოადგინონ თქვენი შუამდგომობა. ამას მოითხოვს ჩვენი ნივთების ინტერესი, რომ განსაცდელში არ ჩავარდეს და არ დაგვეჩაგროს. Kიდევ ერთი ცნობა: შესანახი ფული მარტო ერთი წლისაა გადახდილი ორი ათას ხუთასი ფრანკი. დანარჩენს, რასაკვირველია, მოითხოვენ და უნდა გადაიხადოთ.
სამაგიეროდ ბევრს, ერთობ ბევრს ნივთებს მიიღებთ, რომელნის წინეთ არ ეკუთნოდნენ მუზეუმებს. შიტყვას აღარ გავაგრძელებ. ველი თქველს პასუხს.
ღრმად პატივისცემით ექვთიმე თაყაიშვილი |
No comments:
Post a Comment